„დღეს ყურადღების ცენტრშია უკრაინა, უკრაინაში განვითარებული ძალიან მძიმე მოვლენები და სოლიდარობა რუსული აგრესიის წინააღმდეგ, მაგრამ ამ დღეს საქართველოს მდგომარეობა არ არის მივიწყებული“, - განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ ბრიუსელში სამუშაო ვიზიტით მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის სიტყვებით, ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია, რომ გაგრძელდეს საქართველოს გზა ევროპისკენ, ხოლო საქართველომ მიიღოს ყველა ის ზომა და გაატაროს ყველა ის რეფორმა, რაც აუცილებელია:
„ახალი მოვლენებია და ახალი გარემო, ჩვენი და სხვა ასოცირებული ქვეყნების მომავალს ახალ პერსპექტივას მისცემს, მაგრამ ამისთვის ჩვენ ყველანი მზად უნდა ვიყოთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
1 მარტს საქართველოს პრეზიდენტი ბრიუსელში შეხვდა ევროკომისიის პრეზიდენტს, ურზულა ფონ დერ ლაიენსაც, რომელთანაც, პრეზიდენტის სიტყვებით, "ძალიან მეგობრული საუბარი ჰქონდა".