ევროპელები RT-სა და Sputnik-ის ტიკტოკებს ვეღარ ნახავენ. უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, ჩინური გიგანტის მსგავსად, იუტუბმა და ფეისბუკმაც დაბლოკეს რუსეთის სახელმწიფო მედიაზე წვდომა ევროპელი მომხმარებლებისთვის.
ფეისბუკის წარმომადგენელმა ნიკ კლეიგმა, დღეს ტვიტერზე დაწერა, რომ „რიგმა ხელისუფლებებმა და ევროკავშირმა სთხოვეს, მიიღონ დამატებითი ზომები რუსეთის სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი მედიის წინააღმდეგ. შექმნილი ვითარების არაორდინარულობის გათვალისწინებით, ამჯერად შევზღუდავთ წვდომას RT-სა და Sputnik-ზე ევროკავშირის მთელ ტერიტორიაზე”.
სოციალური ქსელების გადაწყვეტილებამდე ერთი დღით ადრე, ევროკავშირის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ორივე მედიასაშუალებას მაუწყებლობა აეკრძალება მთლიანად ევროკავშირის ტერიტორიაზე.
„[ისინი] ვეღარ შეძლებენ, გაავრცელონ ტყუილები პუტინის ომის გასამართლებლად. ჩვენ ვმუშაობთ ინსტრუმენტებზე, რათა დავბლოკოთ მათი ტოქსიკური და საზიანო დეზინფორმაცია ევროპაში”, - დაწერა მან ტვიტერზე.
შესაძლოა, დაიბლოკოს კრემლის მედიის ვებგვერდებიც.
პარალელურად, Google-მა მონეტიზაცია შეუჩერა RT-ს. რაც იმას ნიშნავს, რომ მათ კონტენტზე განთავსებულ რეკლამაში ისინი ფულს ვეღარ მიიღებენ.
“სიმართლის სამინისტრო”
2005 წელს შექმნილი RT მაუწყებლობს სატელევიზიო სიხშირეებსა და ინტერნეტში ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, ესპანურ, არაბულ და რუსულ ენებზე. RT-ს იუტუბარხს 6 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს.
არაერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ტელევიზია ავრცელებს ყალბ ამბებს, შეთქმულების თეორიებს და ამახინჯებს ფაქტებს მოსკოვის პოლიტიკური ინტერესების სასარგებლოდ.
საინფორმაციო სააგენტო „სპუტნიკი“ კი მუშაობს 31 ენაზე. მათ შორის, ქართულად. ევროკავშირისა და აშშ-ის ხელისუფლებებმა, საერთაშორისო ორგანიზაციებმა და სხვა მედიასაშუალებებმა იგი არაერთხელ დაადანაშაულეს ყალბი ამბების გავრცელებაში.
ბალტიისა და აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე ქვეყანამ უკვე აკრძალა კრემლის მედია. ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე, დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირში ისმოდა მოწოდებები RT-ს მაუწყებლობის შეჩერებაზე. ამის მიზეზად, ევროპელი მარეგულირებლები „არადაბალანსებულ სარედაქციო პოლიტიკას” ასახელებდნენ.
7 თებერვალს, ფრანგულენოვანი RT-ს შეფასებისას, ქვეყნის სამხედრო სამინისტროს სტრატეგიული კვლევების ცენტრის წარმომადგენელმა, მაქსიმ ოდინეტმა თქვა, რომ საერთაშორისო ამბები, როგორც წესი, მიუკერძოებლად შუქდება. თუმცა, როცა საქმე რუსეთის საგარეო პოლიტიკისთვის მნიშვნელოვან საკითხებს ეხება, „გაშუქება ხდება მიკერძოებული და ხშირად მანიპულაციურიც კი”.
ამავდროულად, უკვე თავად კრემლიც აღარ მალავს, რომ სურს მთლიანი კონტროლი იმაზე, თუ როგორ აშუქებს ომს ყველა რუსული მედიასაშუალება.
26 თებერვალს, რუსეთის მედიამარეგულირებელმა, „როსკომნადზორმა”, 10 მედიასაშუალებას მოსთხოვა, აიღონ ინფორმაცია, რომელიც „სიმართლეს არ შეესაბამება”.
მისი მტკიცებით, ტყუილია, თითქოს რუსული ჯარები უკრაინის დასახლებულ პუნქტებს ესვრიან და იქ მშვიდობიანი მოქალაქეები იღუპებიან.
მარეგულირებელი აცხადებს, რომ სანდო ინფორმაციას უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე მხოლოდ სახელმწიფო მედია ავრცელებს.
„როსკომნადზორმა” ჟურნალისტებს აუკრძალა, უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებს უწოდონ „ომი” და მოითხოვა, ისინი „სამხედრო ოპერაციად” მოიხსენიონ.
„გაფრთხილებულებს” შორის იყვნენ ოპოზიციურად განწყობილი „დოჟდი”, „მედუზა” და „ნოვაია გაზეტა”. დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, მათ ემუქრებათ ჯარიმა 5 მილიონ რუბლამდე (50 ათასი ევრო) და საიტების დაბლოკვა.
28 თებერვალს რუსეთში დაიბლოკა 6 მედიასაშუალების, მათ შორის რადიო თავისუფლების მიერ შექმნილი ინტერნეტტელევიზიის, „ნასტოიაშჩეე ვრემიას” ვებგვერდები.
რუსეთის ჟურნალისტთა დამოუკიდებელი პროფკავშირის შეფასებით, „როსკომნადზორი” გადაიქცა ორუელის „სიმართლის სამინისტროდ”.
რუს კოლეგებს მხარდაჭერა გამოუცხადა მედიის საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ, „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე”.
აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების ხელმძღვანელმა, ჟანა კაველიემ განაცხადა, რომ „რუსეთის შიგნით საინფორმაციო ომი მიმდინარეობს”.
„პრეზიდენტ პუტინს სჭირდება, "სმენაზე" დააყენოს ყველა მედიასაშუალება, რათა მათ რუსი ხალხის თვალში გაამართლონ უკრაინაში შეჭრა და დამალონ ინფორმაცია კონფლიქტის მსხვერპლთა შესახებ”, - აცხადებს იგი.
უპრეცედენტო ნაბიჯი
რუსეთისგან განსხვავებით, ევროკავშირმა კრემლის მედიასაშუალებების გათიშვამდე სამართლებრივი პროცედურები უნდა გაიაროს.
საქმე ისაა, რომ მედიასაშუალების მთლიანად ევროკავშირის ტერიტორიაზე დაბლოკვა უპრეცედენტო ნაბიჯია. აქამდე 27-ვე წევრი ქვეყნის მედიამარეგულირებელი გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად იღებდა.
ვერა იუროვა, ევროკომისის ვიცე-პრეზიდენტი ღირებულებებისა და გამჭვირვალობის საკითხებში, დარწმუნებულია, რომ ევროკავშირი მალე იპოვის გამოსავალს.
„მოვლენებს უფრო ფართოდ უნდა შევხედოთ და არ ვკონცენტრირდეთ მხოლოდ [მათზე], - უთხრა მან გამოცემა „პოლიტიკოს”, - კრემლმა ინფორმაცია იარაღად აქცია. დეზინფორმაცია რუსული სამხედრო დოქტრინის ნაწილია, ისევე, როგორც უცხოეთში ზეგავლენის ოპერაციების ჩატარება”.
ამ ინიციატივას კრიტიკოსებიც ჰყავს. მათი ნაწილი აცხადებს, რომ იმის მიუხედავად, პროპაგანდისტულია თუ არა, RT-იცა და Sputnik-იც მაინც მედიასაშუალებები არიან. მათი აკრძალვა კი სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის „სახიფათო პრეცედენტია”.
გარდა ამისა, ევროპელებს რუსეთის შესაძლო პასუხიც აფიქრებთ. ისინი არ გამორიცხავენ, რომ კრემლი გააძლიერებს ზეწოლას დამოუკიდებელ მედიასაშუალებებზე, ან საერთოდ აუკრძალავს მუშაობას. შედეგად, რუსეთის მოსახლეობა საინფორმაციო ვაკუუმში დარჩება.
ციფრული პოლიტიკის ანალიტიკოსი ჟულიენ ნოკეტი „პოლიტიკოს“ ეუბნება, რომ ამის არაერთი წინაპირობა არსებობს.
თებერვლის დასაწყისში, გერმანიის მედიამარეგულირებელმა შეუჩერა ლიცენზია RT-ს. საპასუხოდ, რუსეთში აიკრძალა გერმანული „დოიჩე ველე”.
რაც ომი დაიწყო, კრემლი სულ უფრო ზღუდავს რუსეთში თავისუფალი ინფორმაციის გავრცელებას. რამდენიმე დღის წინ „როსკომნადზორმა” განგებ შეანელა ფეისბუკის, ტვიტერისა და სხვა სოციალური ქსელების მუშაობა, რათა ხელი შეუშალოს „ომის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებას”.