უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა ქვეყნისთვის რუსეთის გავლენებისგან გათავისუფლების ნაწილია.
არის თუ არა უკრაინაში მიმდინარე ომი საკმარისი მიზეზი და საუკეთესო მომენტი, როცა საქართველოს საპატრიარქომ უნდა აღიაროს უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობა?
რადიო თავისუფლება თეოლოგ ბექა მინდიაშვილს ესაუბრა.
შეიძლება იმის დაშვება, რომ საქართველოს ეკლესიამ მიმდინარე ომის ფონზე აღიაროს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია?
მოკლედ რომ გიპასუხოთ, სამწუხაროდ, ამას არ უნდა ველოდოთ. რატომ არ უნდა ველოდოთ, შეგვიძლია ავხსნათ: წლების განმავლობაში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო ჩამოყალიბდა რუსული რბილი ძალის, რუსული გავლენების მთავარ აქტორად საქართველოში. ის არის, თუ შეიძლება ასე ითქვას, ანტიდასავლური განწყობების მთავარი გენერატორი, მის წიაღში ჩამოყალიბდა იდეოლოგიური კონსტრუქცია, რასაც შეიძლება პოლიტიკური მართლმადიდებლობა დავარქვათ და რაც თითქოს ჰგავს ნაციონალიზმს, მაგრამ ეს იდეოლოგია რეალურად არის ჩოხაში გამოწყობილი იმპერიალიზმი. ეკლესია ზრუნავს იმაზეც, როგორ უნდა შეიცვალოს საქართველო როგორც პოლიტიკური მოწყობის, ასე საგარეო ორიენტაციის მხრივ, როგორ გადავიდეთ დასავლური კურსიდან რუსეთის ორბიტაზე.
ამ პოლიტიკური ტრანსფორმაციის, გეზის შეცვლის შესახებ, წლებია საუბრობენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირები, დაწყებული კათოლიკოს-პატრიარქით, დამთავრებული რიგითი მღვდლებით. პატრიარქს ჯერ კიდევ 2000 წელს აქვს ეპისტოლეში ნათქვამი, რომ საქართველო უნდა იყოს პოლიტიკურად ნეიტრალური ქვეყანა. სინოდის წევრს, იოანე გამრეკელს ვრცელი საპროგრამო სტატია აქვს გამოქვეყნებული იმაზე, რატომ უნდა ავიღოთ გეზი რუსეთისკენ.
სურვილი სასულიერო პირებს, მათ შორის სინოდის წევრების ნაწილს, ნამდვილად აქვს, მაგრამ მათ არ მოუთხოვიათ ამ დღეებში საპატრიარქოსგან უკრაინის ავტოკეფალიის აღიარება. გაკეთდა რამდენიმე მხარდამჭერი განცხადება უკრაინის მიმართ, მაგრამ ეს მაინც არასაკმარისია. ჩემთვის განსაკუთრებით მოულოდნელი იყო იაკობ იაკობიშვილის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ რუსეთს სურს არა ჩვენი ნატოში სწრაფვის შეჩერება, მას უბრალოდ უნდა, რომ ვიყოთ მონები და ახლა ჩვენი ასარჩევია - მონობა თუ თავისუფლების მხარეს ყოფნა. ძალიან მნიშვნელოვანი განაცხადი იყო. ასევე მელქისედეკმა გააკეთა განცხადება, მაგრამ ეს, სამწუხაროდ, ზღვაში წვეთია.
შეიძლება ვთქვათ, რომ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ საუკეთესო მომენტია უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებისთვის?
ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის, რომ საქართველოს ეკლესია უკრაინის დამოუკიდებლობას აღიარებდა, ისიც, რომ ეს იქნებოდა არჩევანი, რომელსაც გააკეთებდა. დღეს უკრაინის ეკლესია უკვე აღიარებულია უძველესი ეკლესიების მხრიდან. არ აღიარებენ ისინი, ვისაც რუსეთის ეშინია, ან ვინც მის ორბიტაზეა. საქართველოს შემთხვევაში არაღიარების მიზეზი შიში არ არის. როგორც უკვე ვთქვით, საქართველო არ აღიარებს უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობას იმის გამო, რომ ის არის ინსტრუმენტი რუსეთის საპატრიარქოსთვის, რომელიც თავის მხრივ კრემლის პოლიტიკური და იდეოლოგიური ინსტრუმენტია საერთაშორისო ასპარეზზე.
უკრაინის ავტოკეფალიის აღიარება ყველაზე მნიშვნელოვანი განაცხადი იქნება ახლა, ამ სიტუაციაში, ამ წერტილში, რომელშიც ვიმყოფებით. ეს იქნებოდა, ერთი მხრივ, ამ უსამართლობის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი, ქრისტიანის მოვალეობაა უსამართლობას შეეწინააღმდეგო; მეორე მხრივ, ეს იქნებოდა ისტორიული სამართლიანობის დადასტურება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მხრიდან. ჩვენ ერთი და იგივე გზა გავიარეთ როგორც საეკლესიო, ისე პოლიტიკური თავისუფლებისკენ.
2019 წელს ითქვა, რომ ჩვენ ვიწყებთ ამ [უკრაინის] ტომოსის [საეკლესიო დოკუმენტი, რომელზე დაყრდნობითაც ქმნის ახალი ეკლესია თავის დეკლარაციას, საეკლესიო კონსტიტუციას] კითხვას და არ დასრულებულა, ერთგვერდიანი დოკუმენტია სულ. მე ვფიქრობ, ახლა არის ის დრო, როცა ტომოსის კითხვა უნდა დასრულდეს. ამაზე მნიშვნელოვან პოზიციას უკრაინასთან მიმართებით საქართველოს ეკლესია ვერ გამოხატავდა.
მაგრამ, როგორც უკვე ვთქვით, საქართველო არ აღიარებს უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობას იმის გამო, რომ გახდა რუსეთის საპატრიარქოს ინსტრუმენტი, რომელიც თავის მხრივ კრემლის პოლიტიკური და იდეოლოგიური ინსტრუმენტია საერთაშორისო ასპარეზზე.
ვთქვათ, დაიძლია ეს წინააღმდეგობა, აღიარებისთვის რა არის საჭირო, სურვილის გარდა, - სინოდის სხდომის მოწვევა და მღვდელმთავრების უმრავლესობის თანხმობა?
სიმართლე რომ გითხრათ, სინოდის სხდომის დანიშვნაც არ არის საჭირო. უბრალოდ უნდა მოიხსენიოს პატრიარქმა ლიტურგიისას. უკრაინის ავტოკეფალური ეკლესია უკვე აღიარებულია.
უკრაინაში ავტოკეფალური ეკლესიის გარდა არის მოსკოვის საპატრიარქოც, რომელიც რუსეთის პატრიარქს, კირილეს ემორჩილება. ამ საპატრიარქოს წევრებიც კი გმობენ უკრაინაში რუსეთის აგრესიას და ძმათამკვლელი ომის გამჩაღებელს უწოდებენ პუტინს. მათმა ნაწილმა ევქარისტიული კავშირიც კი გაწყვიტა მოსკოვის საპატრიარქოსთან. ამის ფონზე, ჩვენი დუმილი და განცხადება, სადაც რუსეთს არც კი ვახსენებთ, თვალშისაცემია.
რადიო თავისუფლება საქართველოს საპატრიარქოსგანაც ცდილობდა გაეგო, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ხომ არ დადგა დღის წესრიგში უკრაინის ეკლესიის აღიარების საკითხი - პასუხი ვერ მივიღეთ.