Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შეიარაღებული ძალები საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანეს


რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები საბრძოლო მზადყოფნაში იმყოფებიან, ეს გადაწყვეტილება დაგეგმილი სამხედრო წვრთნების ნაწილია - იტყობინება სააგენტო “აფსნიპრესი” ე.წ. თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. სამხედრო უწყების ხელმძღვანელი ვლადიმირ ანუა ამბობს, რომ “ტარდება დაგეგმილი ღონისძიებები.”

აფხაზეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები მზადაა დანიშნულებისამებრ შეასრულოს ამოცანები”, - წერია შეტყობინებაში.

ცოტა ხნით ადრე, ოკუპირებული აფხაზეთის ლიდერმა ასლან ბჟანიამ ხელი მოაწერა ბრძანებულებებს დონბასის ორი სეპარატისტული რესპუბლიკის აღიარებაზე. ბჟანიამ ასევე გასცა განკარგულება ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების, შეიარაღებული ძალებისა და შს სამინისტროს სპეციალური ქვედანაყოფების გაძლიერებულ საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანის შესახებ, “ქართული მხრიდან პროვოკაციის თავიდან აცილების მიზნით”.

მეხუთე დღეა, რაც რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ძალებით შევიდა და სრულმასშტაბიან საომარ მოქმედებებს ატარებს. რუსეთს შესაჩერებლად აშშ-მ, ევროკავშირმა, კანადამ, დიდმა ბრიტანეთმა და ა.შ. სანქციები დაუწესეს. ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ "ეროვნული ინტერესებიდან" გამომდინარე, არ აპირებს შეუერთდეს ამ სანქციებს.

XS
SM
MD
LG