ევროკავშირმა დღეს დილით ოფიციალურად გამოაქვეყნა რუსეთისთვის დაწესებული სანქციები, რომლებიც ეხება რუსული ავიაკომპანიების თვითმფრინავების მიმოსვლის და რუსეთის ცენტრალური ბანკის რეზერვებით ოპერაციების აკრძალვას.
ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში დოკუმენტის გამოქვეყნება ნიშნავს, რომ რუსეთის წინააღმდეგ უკვე ამოქმედებულია უკრაინაზე თავდასხმის გამო დაწესებული სანქციები, რომელთა შესახებაც გადაწყვეტილება გასულ კვირაში მიიღეს.
დღეს, 28 თებერვალს, საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე ვაჭრობის დაწყებისთანავე, რუსული რუბლი მკვეთრად გაუფასურდა. როგორც BBC წერს, რუბლი ევროსთან მიმართებით 40%-ით გაუფასურდა და 1 ევროს ფასმა 130 რუბლი შეადგინა. Bloomberg-ის მონაცემებით, 1 აშშ დოლარის ფასი 115 რუბლი გახდა.
რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა საფონდო ბაზრის ჩამოშლის შესაჩერებლად დროებით აკრძალა უცხოელებისთვის ფასიანი ქაღალდების მიყიდვა.
პრეზიდენტ პუტინის განკარგულებით, რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრნენ. პუტინმა "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოაცხადა უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს აწარმოებს სამი მხრიდან - ჩრდილოეთიდან(ბელარუსი), აღმოსავლეთიდან(დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან(ანექსირებული ყირიმი). უკრაინის შეიარაღებული ძალების და მოხალისეების წინააღმდეგობის შედეგად, რუსეთი ვერ ახერხებს უკრაინის ვერცერთ დიდ ქალაქზე კონტროლის დამყარებას.
უკრაინის შსს-ს ინფორმაციით, რუსეთის თავდასხმას უკვე ემსხვერპლა 350-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის, მათ შორის 14 ბავშვის სიცოცხლე.
უკრაინაზე თავდასხმის გამო, რუსეთის ეკონომიკის, საფინანსო სისტემის და ხელისუფლებისა და მასთან დაახლოებული პირების წინააღმდეგ ახალი, უფრო მკაცრი სანქციები აამოქმედეს ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა სახელმწიფოებმა.
რუსეთისთვის სანქციებით გამოცხადებული ბრძოლის გარდა, დასავლეთი უკრაინას უწევს ფინანსურ და სამხედრო დახმარებას.
ამ ფონზე, 27 თებერვალს, პრეზიდენტმა პუტინმა განსაკუთრებულ რეჟიმში გადაიყვანა რუსეთის არმიის შეკავების ძალები, რომელთა არსენალში ბირთვული იარაღიცაა.