აშშ-მა, კანადამ და ევროკავშირის საკვანძო მნიშვნელობის ქვეყნებმა, მათ შორის გერმანიამ, საფრანგეთმა და იტალიამ, შეათანხმეს ბანკთაშორისი ტრანსაქციების სისტემა SWIFT-იდან რუსეთის იმ ბანკების გარიცხვა, რომლებიც სანქციების სიაში მოხვდნენ. ამის შესახებ განცხადება თეთრი სახლის ვებსაიტზეა გამოქვეყნებული.
სისტემიდან გარიცხული ბანკებისთვის ეს იმას ნიშნავს, რომ უცხოეთში და უცხოეთიდან ფინანსური ოპერაციების განხორციელება გართულდება - იძულებული იქნებიან, ეს გააკეთონ სხვა საშუალებებით, მაგალითად, ფაქსით ან ტელეტაიპით.
შეთანხმებული ქვეყნების გადაწყვეტილება ამკაცრებს სანქციებს, რომლებიც რუსეთს დაუწესეს უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების გამო.
ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და ზოგმა სხვა ქვეყანამ უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთს მასშტაბური სანქციები დაუწესეს და პირობა დადეს, რომ გაამკაცრებენ მათ. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ სანქციების ალტერნატივა ამჟამად მხოლოდ „მესამე მსოფლიო ომია“ - ანუ ნატოს პირდაპირი მონაწილეობა რუსეთთან კონფლიქტში. ბაიდენმა და ნატოს სხვა წევრთა ლიდერებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ უკრაინაში ნატოს ჯარებს არ გაგზავნიან.
ევროკავშირის წევრი ქვეყნები საკუთარ სანქციებს უწესებენ რუსეთს. ბალტიის ქვეყნებმა და სლოვენიამ შაბათს გამოაცხადეს, რომ საჰაერო სივრცეს უკეტავენ რუსეთის თვითმფრინავებს. 26 თებერვალს გერმანიამ განაცხადა, რომ საჰაერო სივრცეს უკეტავს რუსეთის ავიაციას. გარდა ამისა, გერმანიის ფლაგმანმა ავიაკომპანია Lufthansa-მ განაცხადა, რომ მომავალ კვირაში რუსეთის მიმართულებით ყველა რეისი გააუქმა.