უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიმართა იმ მოხალისეებს, რომლებსაც სურთ იბრძოლონ უკრაინის დასაცავად. მან უკრაინის არმიაში ახალი ქვედანაყოფის, უკრაინის ტერიტორიული თავდაცვის ინტერნაციონალური ლეგიონის ჩამოყალიბების შესახებ გამოაცხადა, რომელშიც გაწევრიანება შეეძლებათ იმ უცხოელებს, რომელთაც რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ სურთ ბრძოლა.
"ყველა უცხოელს, რომელსაც სურს რუს ოკუპანტებთან ბრძოლას და მსოფლიო უსაფრთხოების დაცვას შეუერთდეს, უკრაინის ხელმძღვანელობა სთავაზობს ჩვენს ქვეყანაში ჩამოსვლას და ტერიტორიული თავდაცვის ძალების შევსებას. უცხოელებისთვის ყალიბდება ცალკე ქვედანაყოფი – უკრაინის ტერიტორიული თავდაცვის ინტერნაციონალური ლეგიონი.
სწორედ ეს იქნება თქვენი გადამწყვეტი მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნისათვის", – ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის განცხადებაში.
საერთაშორისო ლეგიონში გაწევრიანების მსურველებმა უნდა მიმართონ მათ ქვეყანაში უკრაინის საელჩოებს, ინფორმაცია კი გაწევრიანების პირობების შესახებ, საელჩოების ვებსაიტებზე მოიძიონ.
უკრაინის პრეზიდენტის 2016 წლის განკარგულებით, უცხოელებს უკრაინის შეიარაღებულ ძალებში სამხედრო სამსახური ნებაყოფლობითი კონტრაქტით შეუძლიათ.
რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი უკრაინაში 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან - ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).
პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს, მათ შორის, დედაქალაქ კიევს. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ მათი მიზანი „უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაციაა".
რუსეთს, უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო, ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებენ ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი.