Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს მთავრობა უკრაინელი ხალხის დასახმარებლად 1 მლნ ლარს გამოყოფს


საქართველოს მთავრობა უკრაინელი ხალხის დასახმარებლად 1 მლნ ლარს გამოყოფს. ინფორმაციას ამის შესახებ მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

განკარგულებას ხელს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს.

"საქართველოს მთავრობის განკარგულებით, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 1 მილიონი ლარი გამოიყოფა", - აღნიშნავენ პრესსამსახურში.

ამ თანხით საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო უკრაინაში დაზარალებული მოსახლეობისათვის ფარმაცევტულ პროდუქტებსა და სამედიცინო დანიშნულების საგნებს შეისყიდის.

დღეს მესამე დღეა, რაც რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში საომარ მოქმედებებს ატარებენ. რუსეთის შესაჩერებლად მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები, მათ შორის აშშ, ევროკავშირი, კანადა, დიდი ბრიტანეთი და ა.შ. სანქციებს აწესებენ. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ საქართველო სანქციებს რუსეთს "ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან" გამომდინარე არ დაუწესებს. მან ასევე უარი თქვა საქართველოს პარლამენტში მისვლაზე უკრაინის თემაზე სასაუბროდ.

საქართველოს პრემიერის გუშინდელი, 25 თებერვლის განცხადების გასაპროტესტებლად და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად საღამოს თბილისის ცენტრში ათასობით ადამიანი შეიკრიბა.

უკრაინის მხარდასაჭერი აქცია დაგეგმილია დღესაც.

24 თებერვალს დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა გამოაცხადა, რომ მიიღო გადაწყვეტილება დონბასში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ, რათა "დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან "გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან". უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე, 21 თებერვალს, პუტინმა აღიარა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობა". თუმცა რუსეთმა სამხედრო ოპერაცია დაიწყო არა მხოლოდ ამ სეპარატისტულ რეგიონებში, არამედ, პრაქტიკულად, მთელ უკრაინაში. რუსეთი უკრაინას თავს ესხმის არა მხოლოდ საკუთარი, არამედ ბელარუსის ტერიტორიიდანაც და ანექსირებული ყირიმიდან.

XS
SM
MD
LG