Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინამ საერთაშორისო წითელ ჯვარს რუსეთის ჯარისკაცთა გვამების რუსეთში დაბრუნება სთხოვა


უკრაინის ვიცე-პრემიერმა ირინა ვერეშჩუკმა საერთაშორისო წითელ ჯვარს მოუწოდა, დახმარება გაწიოს რუსეთის ჯარისკაცთა გვამების რუსეთის ფედერაციაში დაბრუნებაში.

„ეს არის ჰუმანიტარული აუცილებლობა და ჩვენ მოვითხოვთ, რომ რუსეთის ოკუპანტთა გვამებმა დატოვოს უკრაინის ტერიტორია და წაღებულ იქნეს რუსეთის ფედერაციაში. რუსეთის ფედერაციაში უნდა იცოდნენ, რამდენია ასეთი გვამი და რუსეთის რამდენი ოკუპანტი წევს უკრაინის მიწაზე,“ განაცხადა ვერეშჩუკმა 26 თებერვალს გავრცლებულ ვიდეომიმართვაში.

მან მოუწოდა რუსეთის მოსახლეობას, იზრუნონ იმაზე, რომ უკრაინაში ნაკლები იყოს რუსეთის ჯარისკაცების გვამები. „წინააღმდეგ შემთხვევაში მათი რიცხვი ათასობით იქნება,“ თქვა ვიცე-პრემიერმა.

უკრაინის ჯანდაცვის მინისტრმა ვიქტორ ლიაშკომ განაცხადა, რომ რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო თავდასხმის შედეგად დაღუპულია 198 ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი. დაჭრილია 1115, აქედან 33 ბავშვი.

უკრაინის არმიის სახმელეთო ძალების ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინის ძალებმა გაანადგურეს 14 თვითმფრინავი, 8 ვერტმფრენი, 102 ტანკი და 536 ჯავშანმანქანა. მოკლულია 3500 ჯარისკაცი, 200-მდე კი - ტყვედ აიყვანეს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, განადგურებულია უკრაინის სამხედრო ინფრასტრუქტურის 800-ზე მეტი ობიექტი. მათ შორის - 14 სამხედრო აეროდრომი, 19 სამეთაურო პუნქტი და კავშირის კვანძი, 24 საზენიტო სარაკეტო კომპლექსი, 48 რადიოსალოკაციო სადგური, რამდენიმე თვითმფრინავი, ვერტმფრენი და დრონი.

რუსეთის მხარე არ აქვეყნებს საკუთარ ჯარებში მოკლულთა და დაჭრილთა შესახებ მონაცემებს. ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, 25 თებერვლის მდგომარეობით, რუსეთს შესაძლოა დაეკარგა 450-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე.

დღეს მესამე დღეა, რაც რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში შეიჭრნენ. 24 თებერვალს დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა გამოაცხადა, რომ მიიღო გადაწყვეტილება დონბასში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ, რათა "დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან "გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან".

უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე, 21 თებერვალს, პუტინმა აღიარა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობა". თუმცა რუსეთმა სამხედრო ოპერაცია დაიწყო არა მხოლოდ ამ სეპარატისტულ რეგიონებში, არამედ, პრაქტიკულად, მთელ უკრაინაში. რუსეთი უკრაინას თავს ესხმის არა მხოლოდ საკუთარი, არამედ ბელარუსის ტერიტორიიდანაც და ანექსირებული ყირიმიდან.

XS
SM
MD
LG