რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უკრაინელ სამხედროებს მიმართა და მოუწოდა, ძალაუფლება საკუთარ ხელში აიღონ. ამის შესახებ პუტინმა რუსეთის უშიშროების საბჭოს წევრებთან ოპერატიული შეხვედრის დროს განაცხადა, რომელიც რუსული სატელევიზიო არხებით პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.
პუტინის თქმით, "უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა არ უნდა დაუშვან, რომ ნეონაცისტებმა ბავშვები, ქალები და სამხედროების ოჯახის წევრები "ცოცხალ ფარად" გამოიყენონ".
"ძალაუფლება საკუთარ ხელში აიღეთ, როგორც ჩანს, ჩვენთვის უფრო ადვილი იქნება თქვენთან მოლაპარაკება, ვიდრე ნარკომანებისა და ნეონაცისტების ამ ბანდასთან, რომლებიც კიევში დასახლდნენ და მთელი უკრაინელი ხალხი მძევლად აიყვანეს", - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა გამოაცხადა, რომ მიიღო გადაწყვეტილება დონბასში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ, რათა "დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან "გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან". უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე, 21 თებერვალს, პუტინმა აღიარა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობა". თუმცა რუსეთმა სამხედრო ოპერაცია დაიწყო არა მხოლოდ ამ სეპარატისტულ რეგიონებში, არამედ, პრაქტიკულად, მთელ უკრაინაში. რუსეთი უკრაინას თავს ესხმის არა მხოლოდ საკუთარი, არამედ ბელარუსის ტერიტორიიდანაც და ანექსირებული ყირიმიდან.
რუსეთი კიევზე სარაკეტო იერიშებს ახორციელებს და უკრაინის დედაქალაქში სახმელეთო ძალების და მძიმე ტექნიკის შეყვანასაც ცდილობს. უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ რუსეთის მიზანია კიევის აღება და ქვეყნის მთავრობის შეცვლა. „არსებული ინფორმაციით, მტერმა მე მომნიშნა ნომერ პირველ სამიზნედ, ხოლო ჩემი ოჯახი - მეორე სამიზნედ", - განაცხადა 24 თებერვალს, ღამით პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, რუსეთის თავდასხმის პირველ დღეს, 24 თებერვალს, 137 ადამიანი დაიღუპა. უკრაინამ საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა და რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა. კიევში კომენდანტის საათია გამოცხადებული.