Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკი: უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად დაღუპულია 137 ადამიანი, გამოცხადდა საყოველთაო მობილიზაცია


უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ის იტყობინება, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა არის 137, მათგან 10 ოფიცერია, დაღუპულია ასევე 10 მესაზღვრე, დაშავებულია 316 პირი.

„არსებული ინფორმაციით, მტერმა მე მომნიშნა ნომერ პირველ სამიზნედ, ხოლო ჩემი ოჯახი - მეორე სამიზნედ", - აცხადებს ზელენსკი.

ზელენსკის თანახმად, კიევში შევიდნენ მტრის დივერსიული ჯგუფები და პრეზიდენტმა კიეველებს მოუწოდა, იყვნენ ფრთხილად და დაიცვან კომენდანტის საათის წესები.

25 თებერვლის ღამით უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა - არ გვეშინია ნეიტრალური სტატუსისა, მაგრამ ვინ მოგვცემს უსაფრთხოების გარანტიას?

ვოლოდიმირ ზელენსკის თანახმად, მან ევროპის 27 ლიდერს ჰკითხა: "შევა თუ არა უკრაინა ნატოში. პირდაპირ ვკითხე. ყველას ეშინია, არ მპასუხობენ. ჩვენ არაფრის გვეშინია. არ გვეშინია დავიცვათ ჩვენი ქვეყანა, არ გვეშინია რუსეთისა, არ გვეშინია რუსეთთან ლაპარაკისა. არ გვეშინია ყველაფერზე, ჩვენი ქვეყნის უშიშროების გარანტიებზე ლაპარაკისა. არ გვეშინია ნეიტრალურ სტატუსზე ლაპარაკისა. ახლა ხომ არ ვართ ნატოში. მაგრამ რა გარანტია გვექნება? და რაც მთავარია - რომელი კონკრეტული ქვეყნები მოგვცემენ მათ ჩვენ?"

უკრაინის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას საყოველთაო მობილიზაციის შესახებ, რომელიც ცხადდება "უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის აგრესიის გამო, სახელმწიფოს დაცვის, არმიის და სხვა სამხედრო ფორმირებების საბრძოლო და მობილური მზადყოფნის მხარდასაჭერის მიზნით, ეროვნული უშიშროების საბჭოსა და თავდაცვის სამინისტროს წინადადების საფუძველზე“, - წერია ბრძანებულებაში, რომელსაც უკრაინის პრეზიდენტმა მოაწერა ხელი. მობილიზაცია ცხადდება 90 დღის განმავლობაში.

უკრაინაში 24 თებერვლიდან სამხედრო მდგომარეობა გამოცხადდა.

24 თებერვალს, ადრე დილით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გამოაცხადა საგანგებო სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ მას მერე, რაც უკრაინაში თავის მიერ აღიარებულმა ორმა რეგიონმა სამხედრო დახმარება სთხოვა.

ლტოლვილთა საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისრის შეფასებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის პირველ დღეს საცხოვრებელი დატოვა 100 ათასმა ადამიანმა. საქმე ეხება არა დევნილებს, არამედ მათ, ვინც უკრაინის შიგნით უსაფრთხო არეალებს შეაფარეს თავი. კომისრის წარმომადგენლის, შაბიი მანტუს თანახმად, ქვეყნის საერთაშორისო საზღვრები გადაკვეთა მხოლოდ რამდენიმე ათასმა უკრაინელმა. კომპანია „უკრაინის რკინიგზა“ იტყობინება, რომ მატარებლებით ლუგანკსის და დონეცკის ოლქიდან 12 ათასი ადამიანის ევაკუაცია მოხდა. კომპანიის ხელმძღვანელის, ალექსანდ კამიშინის თქმით, სამგზავრო და სატვირთო მატარებლების მოძრაობა არ შეწყვეტილა.

XS
SM
MD
LG