Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსმა სამხედროებმა ჩერნობილის აესი და გოსტომელის აეროპორტი დაიკავეს


ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის დახურული რეაქტორი
ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის დახურული რეაქტორი

რუსმა სამხედროებმა ბელარუსის საზღვართან მდებარე ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური დაიკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველ მიხაილ პოდოლიაკოზე დაყრდნობით, საინტერნეტო გამოცემა "უკრაინსკაია პრავდამ" გაავრცელა.

„გააფთრებული ბრძოლების შედეგად დაიკარგა ჩვენი კონტროლი ჩერნობილის სადგურზე. აესის ობიექტებისა და ბირთვული ნარჩენების საცავის მდგომარეობა უცნობია“, - განაცხადა პოდოლიაკმა.

მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტვიტერზე დაწერა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ხელში ჩასაგდებად იბრძვიან, რის შესახებაც უკვე აცნობა შვედეთის პრემიერს.

ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მე-4 ენერგობლოკზე 1986 წლის 26 აპრილს მომხდარმა აფეთქებამ გამოიწვია რადიაციული ფონის ზრდა ისეთ დონემდე, რაც 30-40-ჯერ აღემატებოდა 1945 წელს ჰიროსიმაში ატომური ბომბის აფეთქების დროს წარმოქმნილ რადიაციულ ფონს. ხოლო ავარიის შედეგად წარმოქმნილი რადიოაქტიური ღრუბელი გავრცელდა ბელარუსის, უკრაინისა და რუსეთის ტერიტორიების დიდ ნაწილზე.

იმავე მიხაილ პოდოლიაკოს თქმით, „რუსმა ოკუპანტებმა“ ხელთ იგდეს ასევე გოსტომელში მდებარე სახელმწიფო კომპანია „ანტონოვის“ კუთვნილი აეროპორტი, რომელიც კიევიდან დაახლოებით 10 კილომეტრში მდებარეობს.

საინტერნეტო გამოცემა „უკრაინსკაია პრავდას" ცნობით, კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს გადაწყვეტილებით, კიევის შესასვლელებთან დაიწყო თავდაცვითი ნაგებობების აღმართვა.

მანამდე უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ალექსეი რეზნიკოვმა გაავრცელა ვიდეომიმართვა და ყველას, ვისაც ხელში იარაღის ჭერა შეუძლია, უკრაინის ტერიტორიის დამცველთა რიგებში ჩადგომისკენ მოუწოდა.

უკრაინაზე რუსეთის არმიის თავდასხმის გამო, კიევმა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა. გამოცხადდა საყოველთაო მობილიზაცია. უკრაინის სახელმწიფოს ეს გადაწყვეტილება პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოაცხადა.

უკრაინის სამხედრო ობიექტებზე რუსეთის სარაკეტო იერიშების შედეგად დაღუპულია უკრაინის შეიარაღებული ძალების 40-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე. ამის შესახებ კიევში, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შუადღის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა ოლექსი არესტოვიჩმა. მისივე ცნობით, დაღუპულია ათამდე მშვიდობიანი მოქალაქეც.

24 თებერვალს დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ მიიღო გადაწყვეტილება დონბასში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია "დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან "გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან". უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე, 21 თებერვალს, პუტინმა აღიარა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობა".

რუსეთის თავდასხმის გამო, უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა.

XS
SM
MD
LG