Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საოკუპაციო ძალები ცხინვალის რეგიონში, გამყოფ ხაზზე მონიტორინგს აძლიერებენ


დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი, რუსეთის „ეფესბე"-ს სასაზღვრო სამსახურთან ერთად, ოკუპაციის ხაზზე მონიტორინგს აძლიერებს.

დე ფაქტო რესპუბლიკის "კაგებე"-ს პრესსამსახურის ცნობით, „უმაღლესი მთავარსარდლის, ანატოლი ბიბილოვის მითითებების შესრულების ფარგლებში, სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტი, რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამსახურთან ერთად, სამხრეთ ოსეთში იღებს ზომებს სამხრეთ ოსეთ-საქართველოს საზღვარზე ოპერატიული სიტუაციის მონიტორინგის მიზნით, რათა დროული რეაგირება მოახდინოს მიმდებარე ტერიტორიიდან შესაძლო საფრთხეებზე, ასევე, უზრუნველყოს სასაზღვრო დასახლებებში მცხოვრები რესპუბლიკის მოქალაქეების უსაფრთხოება".

განცხადების თანახმად, "კაგებე"-ს მიერ მიღებული ინფორმაცია მიუთითებს იმაზე, რომ "საქართველოს მიმართულებით" ვითარება მშვიდია: „სამხედრო ტექნიკის და პერსონალის გადაადგილება, ასევე ე.წ. პოლიციის საგუშაგოების გაძლიერება ჯერ არ დაფიქსირებულა. მოვუწოდებთ მოსახლეობას შეინარჩუნოს სიმშვიდე და არ დაემორჩილოს დესტრუქციული ძალების პროვოკაციებს, რომლებიც მიზნად ისახავს გაართულოს სამხედრო-პოლიტიკური ვითარება სამხრეთ ოსეთში დონბასში სპეცოპერაციის ფონზე".

24 თებერვალს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა მოიწვია ე.წ. უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა, რომელზეც განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა სპეციალური ოპერაცია დაიწყო დონეცკისა და ლუგანსკის „სახალხო რესპუბლიკების მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“. მისი თქმით, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ასევე, „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციას შორის მოკავშირეობის და ინტეგრაციის ხელშეკრულების“ შესასრულებლად და „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის და მისი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“ ქმნის ოპერატიულ შტაბს, რომელსაც თავად უხელმძღვანელებს.

ბიბილოვის თანახმად, ე.წ. თავდაცვის და შინაგან საქმეთა სამინისტროების ყველა ქვედანაყოფი და პირადი შემადგენლობა ყაზარმულ მდგომარეობაშია და მზად არიან „რესპუბლიკის ხელმძღვანელობის ბრძანებების შესასრულებლად“.

ბიბილოვმა ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტს დაავალა კონტრდაზვერვითი საქმიანობის მობილიზება, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო განყოფილებასთან ერთად „საზღვრის და საქართველოსთან მიმდებარე ტერიტორიის მონიტორინგისთვის აუცილებელი ქმედებების“ უზრუნველყოფა და მზადყოფნა „საქართველოს მხრიდან ყველა შესაძლო პროვოკაციაზე რეაგირებისთვის“.

XS
SM
MD
LG