Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიციის განცხადებით, „ქართული ოცნება“ შესაძლოა რიგგარეშე სხდომაზე არ გამოცხადდეს


ოპოზიციის დეპუტატებმა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადეს, რომ, შესაძლოა, „ქართულმა ოცნებამ“ ჩააგდოს რიგგარეშე სხდომა", რომელიც პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის გამო მოიწვია.

პარტია „ლელო“-ს წევრმა სალომე სამადაშვილმა მიმართა პრემიერ-მინისტრს, მთავრობას და პარლამენტის წევრებს, რომ 25 თებერვლის სხდომა იქნება წყალგამყოფი საქართველოს პოლიტიკური მომავლისთვის.

დეპუტატის თქმით, ოპოზიცია თანახმა იყო, რომ მოხსენება თუნდაც დახურულ რეჟიმში მოესმინა. „ჩვენ ვიქნებით აქ [პარლამენტში] ოპოზიციის წარმომადგენლები და ველოდებით უმრავლესობის წარმომადგენლებს“, - თქვა მან.

ფრაქციის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“, თავმჯდომარემ ხატიას დეკანოიძემ თქვა, რომ, სამწუხაროდ, უმრავლესობის მხრიდან ჯერჯერობით პოზიტიურ სიგნალს ვერ ხედავენ

„ხვალ საქართველოს პარლამენტში სხდომა უნდა გაიხსნას უკრაინის ჰიმნით პარლამენტის დარბაზში, მხარდამჭერი განცხადებებით, რეზოლუციით. რას აპირებს საქართველოს ხელისუფლება? - იკითხა დეკანოიძემ და დაამატა, - სამწუხაროდ, არსებობს განცდა იმის, რომ ხვალინდელ სხდომას დაემუქროს კვორუმის ჩაგდება“.

ფრაქცია „რეფორმების ჯგუფის“ თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ აღნიშნა, რომ ოპოზიციის თითოეული ჯგუფიდან და ფრაქციიდან წარმომადგენლები შეხვდნენ პარლამენტის სპიკერს, რომ განეხილათ რიგგარეშე სხდომაზე პარლამენტის მიერ მისაღები ერთობლივი განცხადების ტექსტი.

„ამ შეხვედრის დროს დაგვრჩა შთაბეჭდილება, რომ „ქართული ოცნება“ გააკეთებს ყველაფერს, რომ დაუძვრეს ამ სხდომას, კვორუმი თუ არ შედგა“, - განაცხადა სამნიძემ.

„ინტერპრესნიუსის" თანახმად, საპარლამენტო ოპოზიციის მიერ გაგზავნილი მოთხოვნის გათვალისწინებით, რიგგარეშე სხდომა მოწვეულია შემდეგი დღის წესრიგით:

1.პრემიერ-მინისტრის მოსმენა უკრაინაში დაწყებული ომის, არსებული გეოპოლიტიკური ვითარებისა და საქართველოს პოზიციონირების შესახებ;

2.საქართველოს პარლამენტის მიერ უკრაინაში მიმდინარე რუსეთის სამხედრო აგრესიის დაგმობის, ქმედითი დახმარების აღმოჩენის, მათ შორის ჰუმანიტარული, ასევე უკრაინის თავისუფლების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 24 თებერვალს პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ გამოაცხადა.

პრეზიდენტის განცხადებით, ის დაეთანხმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომის დანიშვნის თხოვნას.

"დღეს, როგორც არასდროს, ჩვენთვის და ჩვენი მომავლისთვის აუცილებელია ეროვნული თანხმობა და ერთსულოვნება...

საჭიროდ მიმაჩნია ნებისმიერ ფორმატში, ეს იქნება პარლამენტის რიგგარეშე სხდომა თუ გაფართოებული უსაფრთხოების საბჭო, რომ ყველამ ერთად [ოპოზიციამ და ხელისუფლებამ] გამოვხატოთ, რომ მთელი ერი ვდგავართ უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის გვერდით და მშვიდობის მხარეს", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

დღეს, 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა გამოაცხადა, რომ მიიღო გადაწყვეტილება დონბასში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია "დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან "გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან". უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე, 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა აღიარა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობა".

XS
SM
MD
LG