უკრაინის სამხედრო ობიექტებზე რუსეთის სარაკეტო იერიშების შედეგად დაღუპულია უკრაინის შეიარაღებული ძალების 40-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე. ამის შესახებ კიევში, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შუადღის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა ოლექსი არესტოვიჩმა. მისივე ცნობით, დაღუპულია ათამდე მშვიდობიანი მოქალაქეც.
არესტოვიჩის განცხადებით, უკრაინის არმია რუსეთის შეიარაღებულ აგრესიას წინააღმდეგობას უწევს. მისი თქმით, განსაკუთრებით მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს ლუგანსკის და დონეცკის ოლქებში. ოლექსი არესტოვიჩმა რთულ მიმართულებებად დაასახელა ხერსონი, ხარკოვი და ჩერნიგოვი. ამასთან, როგორც უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა თქვა, უკრაინის ტერიტორიის სიღრმეში რუსეთის საოკუპაციო ძალების შეჭრის მანძილი ათ კილომეტრს არ აღემატება.
24 თებერვალს, დილით რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ მიიღო გადაწყვეტილება დონბასში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია "დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან "გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან". უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე, 21 თებერვალს, პუტინმა აღიარა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობა".
რუსეთის თავდასხმის გამო, უკრაინამ საომარი მდგომარეობა გამოაცხადა და რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, რუს სამხედროებს "მაღალი სიზუსტის საშუალებებით მწყობრიდან გამოჰყავთ უკრაინის სამხედრო ინფრასტრუქტურა, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა, აეროდრომები და ავიაცია, არანაირ სარაკეტო იერიშებს არ ახორციელებენ უკრაინის ქალაქებზე და სამოქალაქო მოსახლეობას არაფერი ემუქრება“.
საპირისპიროზე მეტყველებს უკრაინის სხვადასხვა ქალაქიდან გავრცელებული ვიდეოები და ფოტოები, რომლებზეც ჩანს დაბომბილი საცხოვრებელი სახლები და სხვა სამოქალაქო ობიექტები.