Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ზურაბიშვილი: უკრაინაში რუსული აგრესიით შოკირებულია ქართველი ერი


საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებულ სამხედრო თავდასხმას შოკისმომგვრელს უწოდებს. პარლამენტის თავმჯდომარის შემდეგ, ის არის ხელისუფლების მეორე წარმომადგენელი, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების დაწყებას გამოეხმაურა.

"უკრაინაში რუსული აგრესიით შოკირებულია ქართველი ერი. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს და მოვუწოდებთ [რუსეთს] სამხედრო ოპერაციების შეწყვეტისკენ", - წერს სალომე ზურაბიშვილი ტვიტერზე.

უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს ხელისუფლების წარმომადგენლებიდან პირველი პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა.

"სამწუხაროდ, უკრაინაში ომის თავიდან აცილება ვერ მოხერხდა. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, გადადგას ქმედითი და მტკიცე ნაბიჯები რუსეთის მხრიდან სრულმასშტაბიანი კონფლიქტის ესკალაციის შესაჩერებლად და საერთაშორისო ნორმების დაცვის უზრუნველსაყოფად. ჩვენ ამ რთულ დროს უკრაინის გვერდით ვდგავართ", - წერს პაპუაშვილი ტვიტერზე.

24 თებერვალს, გამთენიისას, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა გამოაცხადა, რომ მიიღო გადაწყვეტილება დონბასში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია "დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან "გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან". უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე, 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა აღიარა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობა".

რუსეთის თავდასხმის გამო, უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა. ქვეყნის სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, ადგილობრივი დროით 05:00 საათიდან, რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინის სახელმწიფო საზღვარს არტილერიის და მძიმე ტექნიკის გამოყენებით შეუტიეს როგორც რუსეთის, ისე ბელარუსის ტერიტორიიდან.

XS
SM
MD
LG