რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესებას, მოსკოვის მიერ უკრაინის სეპარატისტული რეგიონების "დამოუკიდებლად" აღიარების და იქ ჯარების განთავსების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, უერთდება ავსტრალიაც.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, სკოტ მორისონის განცხადებით, ავსტრალია თავის პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ერთად აცხადებს რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკურ სანქციებს.
„ავსტრალია დააწესებს მიზანმიმართულ სანქციებს რუსეთის რვა მოქალაქეზე, რომლებსაც აეკრძალებათ ავსტრალიაში შესვლა და ავსტრალიურ სტრუქტურებთან და ორგანიზაციებთან დაკავშირებული ნებისმიერი ფინანსური ტრანზაქცია. შეზღუდვა ასევე იმოქმედებს რუსეთის ერთ სახელმწიფო ბანკზე და თავდაცვასა და სამხედრო ინდუსტრიასთან ასოცირებულ ბანკებზე“, - განაცხადა 23 თებერვალს მორისონმა პრესკონფერენციაზე.
მისი სიტყვებით, სანქციები დაუყოვნებლივ ამოქმედდება. ავსტრალიაში შესვლის და ფინანსური ტრანზაქციების განხორციელება აეკრძალება რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს რვა წევრს. მორისონის განცხადებით, სია შესაძლოა გაფართოვდეს და მოიცვას „რუსეთისთვის სტრატეგიული და ეკონომიკური მნიშვნელობის მქონე პირებისა და ორგანიზაციების ფართო სპექტრი“.
ავსტრალიის პრემიერის თქმით, სანქციები გავრცელდება ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების ყველა საწარმოსა და ორგანიზაციაზე, რომლებიც საქმიანობენ ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების სფეროში.
ამასთან, ავსტრალია აპირებს დაეხმაროს უკრაინელ ხალხს, ავსტრალიაში ტურისტული და საოჯახო ვიზების მიღებაში. ავსტრალიის ხელისუფლება უკრაინელებს მნიშვნელოვან ჰუმანიტარულ დახმარებასაც ჰპირდება.
„სწორედ ამ საკითხში ჩვენ შეგვიძლია გავუწიოთ საკმაოდ ეფექტური დახმარება“, - განაცხადა მორისონმა.
აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ევროკავშირის მიერ რუსეთისადმი დაწესებული ეკონომიკური სანქციების შემდეგ, კანადა და იაპონიაც აცხადებენ, რომ ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარების შემდეგ რუსეთს ეკონომიკური სანქციებით უპასუხებენ.
22 თებერვალს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მოსკოვის მიმართ დაპირებული სანქციების შესახებ გამოაცხადა. ბაიდენის თქმით, რუსეთის მთავრობას დღეიდან შეუწყდება წვდომა დასავლეთის ფინანსებზე. „ჩვენ ვაწესებთ სანქციებს, რომლებიც სრულად ბლოკავენ ორ დიდ რუსულ ფინანსურ ინსტიტუტს - VEB-ს [რუსეთის განვითარების სახელმწიფო კორპორაცია] და სამხედრო ბანკს“, - თქვა ბაიდენმა.
22 თებერვალს ევროპის კავშირმა ერთხმად დაუჭირა მხარი რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესებას, მოსკოვის მიერ უკრაინის სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლად აღიარების და იქ ჯარების განთავსების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.
სანქციების სამიზნე, გარდა დუმის 351 წევრისა, რომლებმაც მხარი დაუჭირეს უკრაინის რეგიონების "დამოუკიდებლობას", ასევე არიან სხვა 27 პირი და ინსტიტუტი. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა განაცხადა 22 თებერვალს, რომ მინისტრებმა „ერთხმად მიიღეს სანქციების პირველდაწყებითი პაკეტი“ პარიზში რიგგარეშე შეხვედრის დროს. ლე დრიანმა გამოაცხადა, რომ მოსკოვმა დაარღვია საერთაშორისო სამართალი და არ შეასრულა თავისი ვალდებულება.
სანქციები შეეხება ბანკებს, რომლებიც აფინანსებენ რუსეთის არმიას და სხვა ოპერაციებს უკრაინის სეპარატისტულ ტერიტორიებზე. ესენია: ბანკი „როსია,“VEB Bank“ და „პრომსვიაზბანკი“.
ადრე გამოცხადდა, რომ გერმანია აჩერებს „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ სერტიფიცირებას, რაც ასევე მოჰყვა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიერ უკრაინის სეპარატისტული რეგიონების აღიარებას და მის განკარგულებას, განათავსოს ჯარი სეპარატისტულ რეგიონებში.
რუსეთს სანქციებს დაუწესებს ასევე დიდი ბრიტანეთი.