აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ევროკავშირის მიერ რუსეთისადმი დაწესებული ეკონომიკური სანქციების შემდეგ, კანადა და იაპონიაც აცხადებენ, რომ ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარების შემდეგ რუსეთს ეკონომიკური სანქციებით უპასუხებენ.
კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ რუსეთის მიმართ ეკონომიკური სანქციების პირველ ეტაპზე ისაუბრა.
მისი თქმით, მთავრობა ყოველგვარ ფინანსურ ურთიერთობას აუკრძალავს კანადელებს ე.წ. "დამოუკიდებელ სახელმწიფოებთან", ლუგანსკთან და დონეცკთან.
კანადა სანქციებს აწესებს ასევე რუსეთის სუვერენულ ვალზე. ტრუდოს თქმით, მისი მთავრობა სანქციებს დაუწესებს იმ რუს დეპუტატებს, რომლებმაც უკრაინის სეპარატისტული რეგიონების, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების დაუჭირეს მხარი.
„კანადა დამატებით სანქციებს გამოიყენებს სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი ორი რუსული ბანკის წინააღმდეგ და მათთან ყოველგვარ ფინანსურ ურთიერთობას შეწყვეტს,“- განაცხადა ტრუდომ.
კანადის პრემიერი გამოეხმაურა და მიუღებელი უწოდა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განკარგულებას აღმოსავლეთ უკრაინაში რუსი ჯარისკაცების შესვლასთან დაკავშირებით.
„არ დაუშვათ შეცდომა: ეს არის შემდგომი შეჭრა სუვერენულ სახელმწიფოში, რაც აბსოლუტურად მიუღებელია“, - დასძინა ტრუდომ.
მან ასევე აღნიშნა, რომ გასცა განკარგულება, რომ ლატვიაში განთავსებული კანადის შეიარაღებული ძალების შემადგენლობა გაიზარდოს 460-მდე, მიღებულია ასევე გადაწყვეტილება დამატებითი ფრეგატისა და საზღვაო საპატრულო თვითმფრინავის გაგზავნაზე.
კანადის მსგავსად, სანქციებით პასუხობს რუსეთის ქმედებებს იაპონიაც. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ფუმიო კიშიდას თქმით, სანქციები მოიცავს იაპონიაში რუსული ობლიგაციების გამოშვების აკრძალვას, გარკვეული ფიზიკური პირების აქტივების გაყინვას და ასევე იაპონიაში მოგზაურობის შეზღუდვას.
"რუსეთის ქმედებები მკაფიოდ აზიანებს უკრაინის სუვერენიტეტს და ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს. კიდევ ერთხელ ვაკრიტიკებთ ამ ნაბიჯებს და დაბეჯითებით მოვუწოდებთ რუსეთს, დაუბრუნდეს დიპლომატიურ განხილვებს", - თქვა კიშიდამ.
მისი სიტყვებით, აგრძელებენ საკმაოდ დაძაბულ ვითარებაზე დაკვირვებას და განმარტა, რომ სანქციების დეტალებს ამუშავებენ და უახლოეს დღეებში გამოცხადდება.
22 თებერვალს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მოსკოვის მიმართ დაპირებული სანქციების შესახებ გამოაცხადა. ბაიდენის თქმით, რუსეთის მთავრობას დღეიდან შეუწყდება წვდომა დასავლეთის ფინანსებზე. „ჩვენ ვაწესებთ სანქციებს, რომლებიც სრულად ბლოკავენ ორ დიდ რუსულ ფინანსურ ინსტიტუტს - VEB-ს [რუსეთის განვითარების სახელმწიფო კორპორაცია] და სამხედრო ბანკს“, - თქვა ბაიდენმა.
22 თებერვალს ევროპის კავშირმა ერთხმად დაუჭირა მხარი რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესებას, მოსკოვის მიერ უკრაინის სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლად აღიარების და იქ ჯარების განთავსების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.
სანქციების სამიზნე, გარდა დუმის 351 წევრისა, რომლებმაც მხარი დაუჭირეს უკრაინის რეგიონების დამოუკიდებლობას, ასევე არიან სხვა 27 პირი და ინსტიტუტი. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა განაცხადა 22 თებერვალს, რომ მინისტრებმა „ერთხმად მიიღეს სანქციების პირველდაწყებითი პაკეტი“ პარიზში რიგგარეშე შეხვედრის დროს. ლე დრიანმა გამოაცხადა, რომ მოსკოვმა დაარღვია საერთაშორისო სამართალი და არ შეასრულა თავისი ვალდებულება.
სანქციები შეეხება ბანკებს, რომლებიც აფინანსებენ რუსეთის არმიას და სხვა ოპერაციებს უკრაინის სეპარატისტულ ტერიტორიებზე. ესენია: ბანკი „როსია,“VEB Bank“ და „პრომსვიაზბანკი“.
ადრე გამოცხადდა, რომ გერმანია აჩერებს „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ სერტიფიცირებას, რაც ასევე მოჰყვა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიერ უკრაინის სეპარატისტული რეგიონების აღიარებას და მის განკარგულებას, განათავსოს ჯარი სეპარატისტულ რეგიონებში.
რუსეთს სანქციებს დაუწესებს ასევე დიდი ბრიტანეთი.