Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინმა და ალიევმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას „სამოკავშირეო ურთიერთქმედების“ შესახებ


რუსეთის და აზერბაიჯანის პრეზიდენტები ვლადიმირ პუტინი და ილჰამ ალიევი. თარიღი უცნობია.
რუსეთის და აზერბაიჯანის პრეზიდენტები ვლადიმირ პუტინი და ილჰამ ალიევი. თარიღი უცნობია.

მოსკოვში გაიმართა რუსეთის და აზერბაიჯანის პრეზიდენტების, ვლადიმირ პუტინის და ილჰამ ალიევის მოლაპარაკება, რის შემდეგაც მათ ხელი მოაწერეს „სამოკავშირეო ურთიერთქმედების“ შესახებ დეკლარაციას. პუტინმა მანამდე განაცხადა, რომ ამ დოკუმენტზე ხელის მოწერა იქნება ორმხრივი ურთიერთობის ახალი ეტაპი.

ალიევმა განაცხადა, რომ დეკლარაციას ექნება დადებითი მნიშვნელობა რუსეთის და აზერბაიჯანისთვის და რეგიონული უსაფრთხოებისთვის. მისივე თქმით, დოკუმენტი შეიცავს 40 პუნქტზე მეტს და მოიცავს ორმხრივი ურთიერთობების უმნიშვნელოვანეს სფეროებს. პუტინმა აღნიშნა, რომ „ერთობ სიმბოლურია, რომ თანამშრომლობის დეკლარაცია მოკავშირეობის შესახებ ხელმოწერილ იქნა რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებიდან 30-ე წელს“. „ჩვენ, ცხადია, განწყობილი ვართ მჭიდრო სამოკავშირეო თანამშრომლობაზე, მისი მომავალი ყოველმხრივი განვითარებისთვის, რომელიც ეფუძნება მეგობრობის, კეთილმეზობლობის, ურთიერთპატივისცემის და ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინების მტკიცე ტრადიციას“, - თქვა პუტინმა და განავრცო, რომ განვიხილეთ ორმხრივ სასარგებლო სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების განვითარების პერსპექტივაო.

დოკუმენტზე ხელმოწერის ცერემონიის დროს გამოსვლისას, ალიევი შეეხო მთიანი ყარაბაღის თემას და გამოაცხადა, რომ სომხურმა ძალებმა უნდა დატოვონ მთიანი ყარაბაღის ტერიტორია: „იმედი გვაქვს, რომ სომხური მხარე მთლიანად შეასრულებს 2020 წლის 10 ნოემბრის დეკლარაციის ყველა პუნქტს, რომლებიც ეხება ყარაბაღის ტერიტორიიდან სომხური ძალების მთლიანად გაყვანას, ასევე აზერბაიჯანის ძირითად ნაწილსა და ნახჭევანს შორის კავშირის დამყარებას“, - თქვა ალიევმა მოსკოვში.

XS
SM
MD
LG