Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბჟანია და ბიბილოვი მიესალმებიან ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებას


ფოტო არქივიდან: ასლან ბჟანია(მარცხნივ) და ანატოლი ბიბილოვი. ცხინვალი, 2021 წლის აგვისტო
ფოტო არქივიდან: ასლან ბჟანია(მარცხნივ) და ანატოლი ბიბილოვი. ცხინვალი, 2021 წლის აგვისტო

რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტები ასლან ბჟანია და ანატოლი ბიბილოვი გამოეხმაურნენ ვლადიმირ პუტინის ახლადმიღებულ გადაწყვეტილებას. რუსეთის პრეზიდენტმა ცნო ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი".

„როგორც რუსეთის მოკავშირე, აფხაზეთის რესპუბლიკა მხარს უჭერს რუსეთის უმაღლესი ხელისუფლების გადაწყვეტილებას. დარწმუნებული ვართ, რომ ეს გადაწყვეტილება გრძელვადიან პერსპექტივაში ხელს შეუწყობს რეგიონში უსაფრთხოების არქიტექტურის განმტკიცებას. უფრო მეტიც, მიგვაჩნია, რომ რუსეთის მიერ დონბასის რესპუბლიკების აღიარება ხელს შეუწყობს უფრო სამართლიანი და დაბალანსებული მსოფლიო წესრიგის ფორმირებას, რომელშიც მცირე ერების უფლებები საიმედოდ არის დაცული, ხოლო საერთაშორისო თანამეგობრობა უსმენს და პატივს სცემს მათ ხმას“, - ნათქვამია ბჟანიას განცხადებაში.

ანატოლი ბიბილოვი აქცენტს აკეთებს უკრაინის ხელისუფლების მოქმედებებზე.

„უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას ბოლო მოუღო კიევის რეჟიმმა დონბასის ხალხების წინააღმდეგ სასტიკი ტერორის გაჩაღებით. რუსეთმა გამოავლინა წარმოუდგენელი მოთმინება და გამძლეობა, კიევს უტოვებდა შანსს იმ გათვლით, რომ კეთილგონიერება აიღებდა ხელში სადავეებს და არჩეული იქნებოდა ეროვნული შერიგების კურსი, მინსკის შეთანხმების საფუძველზე“. თუმცა ბიბილოვის შეფასებით, უკრაინის ხელისუფლების მოქმედებებმა ეს მოლოდინი გააქარწყლა.

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკამ დონბასის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების დამოუკიდებლობა 2014 წელს აღიარა. 2017 წლის მაისში ოკუპირებული ცხინვალის რეგიონმა და დონბასის სეპარატისტულმა რესპუბლიკებმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას მეგობრობისა და ურთიერთდახმარების შესახებ.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 21 თებერვალს ცნო დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი".

პუტინმა მოუწოდა უკრაინის ხელისუფლებას, რომ დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები დონბასში და გააფრთხილა, რომ „წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლო სისხლისღვრაზე მთელი პასუხისმგებლობა უკრაინის ტერიტორიის მმართველი რეჟიმის სინდისზე იქნება.“

მანამდე ვლადიმირ პუტინს "დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების" ცნობისკენ მოუწოდა უშიშროების საბჭოს უკლებლივ ყველა წევრმა.

დასავლეთის ლიდერებმა 21 თებერვალს სერიოზული შედეგების შესახებ გააფრთხილეს რუსეთი.
ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) აშშ-ის ელჩმა მაიკლ კარპენტერმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ კიევის ხელისუფლების კონტროლიდან გასული აღმოსავლეთ უკრაინის ტერიტორიების აღიარება "სავალალო" გადაწყვეტილება იქნება და მას დაგმობა მოჰყვება.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საკითხებში განაცხადა, რომ ევროკავშირი მზად არის გადამწყვეტი რეაგირება მოახდინოს პუტინის მსგავს ნაბიჯზე.

დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკები აღმოსავლეთ უკრაინაში, დონბასის ოლქის ერთი მესამედია, რომელსაც 2014 წლიდან რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ადგილობრივი რეჟიმები აკონტროლებენ.

პუტინის გადაწყვეტილების შემდეგ ტელეგრამის არხით გავრცელდა დონეცკში გამართული ფეიერვერკის კადრები.

XS
SM
MD
LG