Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის ოფიციალური პირები ჭურვებით თავდასხმის ქვეშ მოყვნენ, სეპარატისტები სამხედრო მობილიზაციას აცხადებენ


ოფიციალური პირები საგანგებო თავშესაფარში შევიდნენ, სანამ არეალს სასწრაფო წესით დატოვებდნენ. აღმოსავლეთი უკრაინა. 2022 წლის 19 თებერვალი
ოფიციალური პირები საგანგებო თავშესაფარში შევიდნენ, სანამ არეალს სასწრაფო წესით დატოვებდნენ. აღმოსავლეთი უკრაინა. 2022 წლის 19 თებერვალი

უკრაინის მაღალჩინოსნები, მათ შორის შინაგან საქმეთა მინისტრი, დენის მონასტირსკი, ჭურვების ცეცხლის ქვეშ მოყვნენ, როცა აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე სეპარატისტული კონფლიქტის ფრონტის ხაზზე იყვნენ ჩასული.

ოფიციალური პირები საგანგებო თავშესაფარში შევიდნენ, სანამ არეალს სასწრაფო წესით დატოვებდნენ. რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის ჟურნალისტი, რომელიც ტურნეს თან ახლდა, იუწყება, რომ ჭურვები დაეცა 300 მეტრის მოშორებით იმ ადგილებიდან, სადაც მაღალჩინოსნები და ჟურნალისტები იმყოფებოდნენ.

მანამდე, აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა სრული სამხედრო მობილიზაციის ბრძანება გასცეს, მზარდი შიშის ფონზე, რომ რუსეთი აპირებს უკრაინაში შეჭრას. დენის პუშილინმა და ლეონიდ პასეჩნიკმა - სეპარატისტების მიერ ოკუპირებული დონეცკის და ლუგანსკის რეგიონების დე ფაქტო ლიდერებმა - 19 თებერვალს ცალ-ცალკე გაავრცელეს განცხადებები, რომლებითაც სრული მობილიზაცია გამოაცხადეს და რეზერვისტებს შესაბამის ადგილებზე გამოცხადება სთხოვეს. 18-დან 55 წლამდე მამაკაცებს ამ ადგილების დატოვება აეკრძალათ.

ამ ნაბიჯის ფონია ბოლო დღეებში მომხდარი სისხლიანი ძალადობა კონტაქტის ხაზზე, უკრაინის ძალებსა და სეპარატისტებს შორის, რამაც დასავლეთში გააძლიერა შეშფოთება, რომ მოსკოვმა, შესაძლოა, ეს უკრაინაზე თავდასხმის საბაბად გამოიყენოს. უკრაინის არმიის განცხადებით, სროლას 19 თებერვალს სამხედრო ემსხვერპლა დონეცკის რეგიონში, მთავრობის მიერ კონტროლირებულ ნაწილში. არმია აცხადებს, რომ სეპარატისტთა ძალები საცხოვრებელ არეალებში არტილერიას განათავსებენ, რათა საპასუხო ცეცხლის პროვოცირება სცადონ.

XS
SM
MD
LG