Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტოლტენბერგი რუსეთს მოუწოდებს, "შეწყვიტოს ომისთვის მზადება"


ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა რუსეთს მოუწოდა, "შეწყვიტოს ომისთვის მზადება" და დიპლომატიური გადაწყვეტა მოუძებნოს კრიზისს, რომელიც მან უკრაინის საზღვართან შექმნა.

სტოლტენბერგი ამ განცხადებით 19 თებერვალს გამოვიდა, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე. მის გამოსვლას ერთი დღით უსწრებდა წინ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის სიტყვები - დარწმუნებული ვარ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა მიიღო უკრაინაში შეჭრის გადაწყვეტილებაო.

სტოლტენბერგმა ბავარიის ქალაქში თავშეყრილ დასავლეთის ლიდერებს შეატყობინა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს გაუგზავნა წერილი, რომელშიც სთხოვს დიალოგში ჩართვას ნატო-რუსეთის საბჭოს ფარგლებში, საიმისოდ, რომ უკრაინაში კონფლიქტი თავიდან იქნეს აცილებული. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის მონაწილეებს სტოლტენბერგმა ასევე უთხრა, არ არსებობს იმის ნიშნები, რომ რუსეთმა უკრაინის საზღვრებიდან ჯარი გაიყვანა, და კონფლიქტის საფრთხე რეალურიაო.

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურზულა ფონ დერ ლაიენმა კონფერენციის მონაწილეების წინაშე გამოსვლისას თქვა, რუსეთი სამომავლო კეთილდღეობას უქმნის საფრთხეს, თუ უკრაინაში შეიჭრებაო, და გამოვიდა პირობით, რომ ნებისმიერი აგრესიის შემთხვევაში მოსკოვს ფინანსური და ეკონომიკური სანქციების "ძლიერი პაკეტი" დაუწესდება. 19 თებერვლის გამოსვლაში მან ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირი სრულად არის მზად რუსეთის მხრიდან გაზის მიწოდების შეწყვეტის შესაძლებლობისთვის. ბოლო კვირებში გაჩნდა შეშფოთება, რომ რუსეთთან შექმნილმა კონფლიქტმა შესაძლოა გაზის მიწოდებაში შეფერხებები გამოიწვიოს.

XS
SM
MD
LG