დასავლეთის ქვეყნების ლიდერებთან ერთად, ცნობილი ანალიტიკოსები ასევე მიიჩნევენ, რომ რუსეთის განცხადებები, ჯარების უკრაინის საზღვრიდან გაყვანის დაწყების შესახებ, საერთაშორისო საზოგადოების თვალის ახვევის მცდელობას წარმოადგენს და მოსკოვი კვლავ განიხილავს უკრაინაში შეჭრის შესაძლებლობას.
„რაც შეეხება შეკითხვას იმაზე, თუ რამდენად ბევრს ნიშნავს ამჯერად რუსების „გასვლა“, რიტორიკა გარკვეულწილად ცოტათი შეიცვალა, მაგრამ გვახსენებდნენ 2008 წელს, 8 დღით ადრე, ვიდრე რუსეთი საქართველოში შეიჭრებოდა“, - წერს ტვიტერში შონ ვოლკერი, გარდიანის კორესპონდენტი.
ამის დასტურად მას მოჰყავს ამონარიდი 12 წლის წინ გამოქვეყნებული სტატიიდან, რომელშიც საუბარია იმაზე, თუ როგორ ტოვებდნენ სოხუმს იქ უკანონოდ შესული რუსეთის სარკინიგზო ჯარები, რაც, როგორც შემდგომმა მოვლენებმა ცხადყო, ტყუილი აღმოჩნდა.
მეთიუ ბრაიზა, ატლანტიკური საბჭოს უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი კი თავის ტვიტში იხსენებს, რომ ომის წინ „რუსეთმა გამოიყენა სამხრეთელი ოსების დადგმული საარტილერიო დარტყმა და ქართული ჯარის პასუხი, რათა გაემართლებინა 2008 წლის ინტერვენცია საქართველოში“.
აშშ-ის პრეზიდენტმა 17 თებერვალს განაცხადა, რომ დეკლარირების მიუხედავად, რუსეთს არ გაუყვანია უკრაინის საზღვართან მყოფი მისი ჯარები, რის გამოც აშშ-ს აქვს „მიზეზი იფიქროს“, რომ რუსეთი „ჩართულია ყალბი დროშის ოპერაციაში“.
"ჩვენ ყველა მინიშნება გვაქვს, რომ ისინი მზად არიან შევიდნენ უკრაინაში, შეუტიონ უკრაინას",- განაცხადა ბაიდენმა და დასძინა, რომ, მისი ვარაუდით, ეს "მომდევნო რამდენიმე დღეში მოხდება".
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ჩამოთვალა რუსეთის მხრიდან შესაძლო პროვოკაციები, რომლებიც მოსკოვის მხრიდან შესაძლოა გამოყენებულ იქნეს, როგორც სამხედრო თავდასხმის დაწყების მიზეზი, კერძოდ, რუსეთში ტერაქტის ორგანიზება.
„რუსეთი შეჭრის საბაბის ხელოვნურად შექმნას გეგმავს. ეს შეიძლება იყოს უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის მიერ ჩადენილი ძალადობის აქტი ან უკრაინის ხელისუფლების მიმართ რაიმე აღმაშფოთებელი შორსგამიზნული ბრალდება. ზუსტად არ ვიცით ამ პროვოკაციის ფორმა. ეს შეიძლება იყოს ხელოვნურად ორგანიზებული ტერაქტი ასაფეთქებელი ნივთიერებების გამოყენებით სადღაც რუსეთში ან მათ შეუძლიათ ადამიანების მასობრივი სამარხის აღმოჩენა, შესაძლოა ეს იყოს უპილოტო თვითმფრინავის დადგმული შეტევა მშვიდობიან მოსახლეობაზე ან თუნდაც ნამდვილი თავდასხმა ქიმიური იარაღის გამოყენებით. რუსეთი ამ პროვოკაციებს ალბათ (უკრაინის მიერ მოწყობილ - რედ) "ეთნიკურ წმენდას" ან "გენოციდს" დაარქმევს“, - განაცხადა გაეროში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა.
მოსკოვი ამ ბრალდებებს უარყოფს და, თავის მხრივ, კვლავ მოითხოვს აშშ-ისა და ნატოსგან უსაფრთხოების გარანტიებს.