თბილისში, უკრაინის საელჩოში გამართულ ღონისძიებაზე, რომელიც უკრაინის პრეზიდენტის მიერ გამოცხადებულ „ერთიანობის დღის“ აღნიშვნას მიეძღვნა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, უკრაინის ელჩთან, იგორ დოლგოვთან ერთად, საზოგადოებას სიტყვით მიმართა.
დავით ზალკალიანმა დაგმო რუსეთის დუმის დადგენილება პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისადმი მიმართვის შესახებ, აღიაროს დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა. ზალკალიანმა განაცხადა, რომ საქართველოს თავის თავზე აქვს გამოცდილი რუსეთის მიერ ოკუპაცია და საქართველო ყოველთვის იდგება უკრაინის გვერდით თავისუფლებისთვის ბრძოლაში.
„სამწუხაროდ, საქართველომ თავის თავზე გამოცადა 2008 წელს რუსული აგრესია, რასაც მოჰყვა საქართველოს ტერიტორიების დიდი ნაწილის ოკუპაცია და აღიარება რუსეთის ფედერაციის მხრიდან და რასაც მოჰყვა ათასობით ადამიანის საკუთარ სამშობლოში დევნილად ყოფნა. დღეს იგივე განსაცდელშია ჩვენი მოძმე უკრაინა. შემაშფოთებელია ვუყურებდეთ 21-ე საუკუნეში იმ მასშტაბურ სამხედრო მობილიზაციას, რომელიც ხდება უკრაინის საზღვრებთან და განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო გუშინდელი რუსეთის დუმის გადაწყვეტილება, მიემართა რუსეთის პრეზიდენტისთვის უკრაინის განუყოფელი ტერიტორიების აღიარებასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ეს არის კატეგორიულად მიუღებელი, ჩვენ ვგმობთ ამ ნაბიჯს და მიგვაჩნია, რომ მსგავსი გადაწყვეტილება, თუკი ის იქნება მოყვანილი სისრულეში, კიდევ უფრო დაამძიმებს ისედაც არსებულ მძიმე სიტუაციას და სრულიად საფრთხის ქვეშ დააყენებს იმ საერთაშორისო შეთანხმებებს, რომლის ხელმომწერიც არის უკრაინა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.
მისი სიტყვებით, დამოუკიდებელ ქვეყნებს აქვთ უსაფრთხოების ალიანსების დამოუკიდებლად არჩევის სუვერენული უფლება.
„21-ე საუკუნეში, როდესაც მთელი მსოფლიოს ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული გლობალური, ზოგადსაკაცობრიო პრობლემების გადაწყვეტისკენ, სამწუხაროდ, რუსეთის ფედერაციის მხრიდან კიდევ ერთხელ ვხედავთ საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების უგულებელყოფას, რამაც, სამწუხაროდ, მიგვიყვანა იმ მდგომარეობამდე, რა მდგომარეობაშიც აღმოჩნდა დღევანდელი მსოფლიო და რამაც, ფაქტობრივად, საფრთხის ქვეშ დააყენა მთლიანად ევროპული უსაფრთხოების თანამედროვე სისტემა. ეს ყოველივე არის საფრთხე არა მხოლოდ ჩვენი სახელმწიფოებისთვის, არამედ ეს არის საერთო ევროპული გამოწვევა. არავის აქვს უფლება აუკრძალოს სუვერენულ, დამოუკიდებელ ქვეყნებს თვითონვე არჩიოს საკუთარი უსაფრთხოების ალიანსები, არავის აქვს უფლება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს ჩვენი სწრაფვა, ვიყოთ ევროპული და ევროატლანტიკური ოჯახის სრულფასოვანი წევრები“, - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის სიტყვებით, საქართველო ურყევად დაუჭერს მხარს უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლას.
„დღევანდელი გამოწვევა არ არის პირველი ჩვენი მრავალსაუკუნოვანი მეგობრული ურთიერთობისთვის და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ მოძმე უკრაინელ ხალხთან ერთად გავაგრძელებთ სვლას ჩვენი ისტორიული, დამსახურებული არჩევანის მისაღწევად და ეს, რა თქმა უნდა, ვერ იქნება მიღწეული საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაციის გარეშე, ჩვენი დასავლელი პარტნიორების მტკიცე მხარდაჭერის გარეშე. ის სიმტკიცე და ერთიანობა, რომელიც ამ დღეებში იყო გამოვლენილი, არის სამაგალითო და ჩვენ სწორედ ამ მხარდაჭერის იმედი გვაქვს მომავალშიც. კიდევ ერთხელ ვუცხადებთ სოლიდარობას და მტკიცე მხარდაჭერას მოძმე უკრაინელ ხალხს თავისუფლებისთვის ბრძოლაში, ჩვენ ყოველთვის ვდგავართ თქვენ გვერდით, რადგან კარგად ვიცით თავისუფლების და მისთვის ბრძოლის ფასი. ამიტომაც ვთვლი, რომ ეს უნდა იყოს არა მხოლოდ უკრაინის, არამედ მთელი პროგრესული საზოგადოების ერთობის დღე. ჩვენი დიპლომატები, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, დღესაც და მომავალშიც იქნებიან იქ, სადაც მუდმივად იქნება ბრძოლა თავისუფლებისთვის და ბრძოლა ჩვენი ერთიანობისთვის. გაუმარჯოს უკრაინას, გაუმარჯოს, საქართველოს, გაუმარჯოს ჩვენს ძმობას!“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა.
უკრაინის საელჩოში გამართულ ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, უკრაინა-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის წევრი არჩილ თალაკვაძეც ესწრებოდა.
უკრაინის საზღვრებთან და ანექსირებულ ყირიმში რუსეთის სამხედრო ძალების ბოლოდროინდელი მასშტაბური თავმოყრის ფონზე როგორც უკრაინის, ისე დასავლეთის მედიასაშუალებებით ვრცელდება ცნობები, რომ რუსეთი ეძებს სხვადასხვა საბაბს უკრაინაში საკუთარი ჯარების შეყვანის გასამართლებლად. რუსეთმა წლების წინ დაიწყო უკრაინის ორ სეპარატისტულ რეგიონში მცხოვრებთათვის რუსეთის მოქალაქეობის მიცემა და დღეს მათ თანამოქალაქეებად და თანამემამულეებად მოიხსენიებენ.
რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა შეიარაღებულმა სეპარატისტებმა უკრაინის ორი რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ნაწილი 2014 წელს გამოაცხადეს ე.წ. დამოუკიდებელ, სახალხო რესპუბლიკებად. დღემდე, რუსეთი ამ ტერიტორიებს ოფიციალურად აღიარებს უკრაინის ნაწილად. ამასთან, ამ სეპარატისტული რეგიონების მცხოვრებთა უმეტესობას უკვე რუსეთის მოქალაქეობა აქვს.
რუსეთმა მსგავსი პოლიტიკა აწარმოა საქართველოს ორ რეგიონშიც, აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში. ჯერ კიდევ 2008 წლის აგვისტოს ომამდე, რომლის შემდეგაც მოსკოვმა ამ რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა, რუსეთის მთავრობამ საქართველოს სეპარატისტული რეგიონების მცხოვრებთ გამარტივებული წესით მისცა რუსეთის მოქალაქეობა.
დღეს,16 თებერვალს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ყირიმის ნახევარკუნძულზე „გეგმური ტაქტიკური სწავლებების“ დასრულების შემდეგ, სამხედრო ქვედანაყოფებმა დაიწყეს მუდმივი დისლოკაციის ადგილებზე დაბრუნება
წვრთნების საბაბით, უკრაინის საზღვრებთან და ანექსირებულ ყირიმში რუსეთის სამხედრო ძალების მასშტაბურ თავმოყრას, რომელიც გასული წლის გაზაფხულიდან დაიწყო და ასევე, ბელარუსის ტერიტორიაზე რუსეთის ბოლოდროინდელ სამხედრო მანევრებს აშშ და დასავლეთის სხვა სახელმწიფოები მიიჩნევენ უკრაინაზე შესაძლო თავდასხმისთვის მზადებად. კრემლში ამას უარყოფენ, თუმცა, 2021 წლის დეკემბრიდან აშშ-ისა და ნატოსგან მოითხოვენ უსაფრთხოების გარანტიებს. მოსკოვის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა, შეწყდეს აღმოსავლეთით ნატოს გაფართოება და ალიანსში არ მიიღონ უკრაინა და საქართველო. 2022 წლის იანვარში, ნატომ და აშშ-მა რუსეთის ამ მოთხოვნას უარით უპასუხეს.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 14 თებერვალს მოქალაქეებისადმი მიმართვაში 16 თებერვალი უკრაინის ერთიანობის დღედ გამოაცხადა.
„ამ დღეს ჩვენ გამოვფენთ ეროვნულ დროშებს, გავიკეთებთ ლურჯ-ყვითელ ლენტებს და ჩვენს ერთიანობას მთელ მსოფლიოს დავანახვებთ“, - ნათქვამია ზელენსკის მიმართვაში.
წინა დღით ზოგიერთმა დასავლურმა საინფორმაციო საშუალებამ, მათ შორის, „შპიგელმა“ 16 თებერვალი დაასახელა რუსეთის უკრაინაზე სავარაუდო თავდასხმის თარიღად.