Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონბასის "სახალხო რესპუბლიკების“ ცნობას დუმის იმ დეპუტატებმაც დაუჭირეს მხარი, რომლებიც სხდომას არ ესწრებოდნენ


„დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა“ და „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის“ ცნობას რუსეთის სახელმწიფო დუმაში კენჭისყრაზე მხარი დაუჭირეს იმ დეპუტატებმაც კი, რომლებიც არ იმყოფებდნენ სხდომათა დარბაზში. ამის შესახებ Telegram-ის ერთ-ერთი არხი იტყობინება რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტიის დეპუტატთა სიაზე დაყრდნობით.

მედიის თანახმად, ფრაქციის მინიმუმ ორი წევრი, გენადი ზიუგანოვი და სერგეი ობუხოვი, სახელმწიფო დუმის სხდომას არ ესწრებოდა. მაგრამ კენჭისყრის სიაში მითითებულია, რომ მათ დადებითი ხმა მისცეს.

ობუხოვმა დაადასტურა, რომ „სახლში წევს კოვიდით“ და არ მიუღია მონაწილეობა კენჭისყრაში. ზიუგანოვი ჰოსპიტალიზებულია, კენჭისყრაში თავისი ხმის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია. ზიუგანოვი ერთ-ერთი ინიციატორი იყო პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისადმი მიმართვისა, რომ აღიარებულ იქნეს სეპარატისტული „სახალხო რესპუბლიკების“ დამოუკიდებლობა. სამშაბათს საღამოს მის ტვიტერში გაჩნდა ჩანაწერი იმის შესახებ, რომ 2014 წლიდან კომუნისტები „გამუდმებით გამოდიოდნენ მოწოდებით, მომხდარიყო „დსრ-ისა“ და „ლსრ-ის“ ოფიციალურად აღიარება“ და რომ „მათი მილიონობით მაცხოვრებლის ხმა მკაფიოდ გამოიხატა რეფერენდუმზე“ იმავე წლის მაისში.

სამშაბათს სახელმწიფო დუმის დეპუტატებმა მოიწონეს დადგენილების ერთ-ერთი პროექტი რუსეთის პრეზიდენტისადმი თხოვნით მიმართვის შესახებ, რომ აღიარებულ იქნეს აღმოსავლეთ უკრაინის „დსრ-ისა“ და „ლსრ-ის“ რეგიონების დამოუკიდებლობა. მედიის თანახმად, დუმამ მიიღო უფრო მკვეთრი ვარიანტი, რომელიც კომუნისტებმა მოამზადებს. მეორე ვარიანტი, რომელშიც ლაპარაკი იყო საგარეო საქმეთა სამინისტროსთან წინასწარი კონსულტაციების აუცილებლობის შესახებ, მმართველ პარტია „ედინაია როსიას“ ეკუთვნოდა.

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გააფრთხილა კრემლი, რომ დონბასის „სახალხო რესპუბლიკების“ ცნობა იქნებოდა „უკრაინისა ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აშკარა დარღვევის ახალი შემთხვევა“ და „დაშორება მინსკის შეთანხმებებისგან, რაც კიდევ უფრო გაართულებს კონფლიქტის გადაწყვეტის პოლიტიკური გზების ძებნას“.

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოცმა რუსეთის მიერ დონბასის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების დამოუკიდებლობის შესაძლო აღიარებას „პოლიტიკური კატასტროფა“ უწოდა.

XS
SM
MD
LG