Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს მკლავჭიდის ფედერაცია სპორტის სამინისტროს წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს


სოსო ჯაჭვლიანი, საქართველოს მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტი.
სოსო ჯაჭვლიანი, საქართველოს მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტი.

საქართველოს მკლავჭიდის ფედერაცია კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსგან ითხოვს მილიონ დოლარამდე ჯარიმის გადახდას, რომელიც ქართულ მკლავჭიდს მსოფლიოს მკლავჭიდის ფედერაციამ დააკისრა.

უმკაცრესი სანქციის მიზეზი გახდა მსოფლიო ჩემპიონატი, რომლისთვისაც შარშან, სექტემბერში ბათუმს უნდა ემასპინძლა, მაგრამ... საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ჩემპიონატი ერთი თვით ადრე ჩაიშალა და მიზეზად ქვეყანაში არსებული კოვიდსიტუაცია დასახელდა.

მსოფლიოს მკლავჭიდის ფედერაციამ საქართველოს არ აპატია სეზონის უმთავრესი შეჯიბრების ჩაგდება და ქართველ მკლავჭიდელებს 2025 წლამდე აუკრძალა ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებსა და საერთაშორისო ტურნირებზე გამოსვლა. საქართველოს მკლავჭიდის ეროვნულ ფედერაციას კი სოლიდური ფინანსური სანქცია დააკისრა.

„სამწუხაროა, რომ საქმე აქამდე მივიდა, მაგრამ... საქართველოს მკლავჭიდის ერთიანი ეროვნული ფედერაცია იწყებს სამართლებრივ დავას სპორტის სამინისტროს წინააღმდეგ“, - უთხრა დღეს რადიო თავისუფლებას საქართველოს მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტმა სოსო ჯაჭვლიანმა. ის სამინისტროში დღეს მივიდა, ადვოკატ კახა კოჟორიძესთან ერთად, მოთხოვნის ოფიციალური წერილით დასადასტურებლად.

კახა კოჟორიძის განცხადებით, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსგან პასუხი ერთი თვის ვადაში უნდა მიიღონ, მაგრამ ამ პრობლემის ასე ადვილად გადაჭრის იმედი ადვოკატს არ აქვს და უკვე საუბრობს დავის სასამართლოში გაგრძელებაზე.

„ცხრაასი ათასი დოლარი და ოცი ათასი ევრო - ესაა თანხა, რომელიც სამინისტრომ უნდა გადაიხადოს ქართული მკლავჭიდის გადასარჩენად. სამწუხაროდ, მოვლენების მიმდინარეობიდან გამომდინარე, აშკარად ჩანს, რომ მოგვიწევს, მათ ეს თანხა სასამართლოს გზით მოვთხოვოთ. ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ ამ გაურკვევლობით ქართული მკლავჭიდი ზარალდება. სპორტსმენები, რომლებიც თავიანთ საქმეში საუკეთესონი არიან მსოფლიოში, ჩამოშორებულნი არიან ტურნირებს. ოფიციალურად, საქართველოს მკლავჭიდის ფედერაცია ოთხწლიანი დისკვალიფიკაციითაა დასჯილი, მაგრამ რეალურად, გაცილებით მძიმე ვითარებაა. თუ მსოფლიოს მკლავჭიდის ფედერაციისგან დაკისრებულ ჯარიმას არ გადავიხდით, დისკვალიფიკაცია ოთხწლიანი ვადის გასვლის შემდეგაც გაგრძელდება, თან უსასრულოდ, იქამდე, სანამ მათ მოთხოვნას არ დავაკმაყოფილებთ“, - განაცხადა კახა კოჟორიძემ.

მკლავჭიდის ფედერაციის ადვოკატის სიტყვებით, საქართველოში შარშან გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის ჩაშლა სამინისტროს ბრალია. მას არ სჯერა, რომ მიზეზად დასახელებული კოვიდსიტუაცია ამ გადაწყვეტილების ნამდვილი მიზეზი იყო და მიაჩნია, რომ შეჯიბრება სულ სხვა გარემოებებმა ჩაშალა, მაგრამ დეტალებზე საუბრისგან ამ ეტაპზე თავს იკავებს.

სოსო ჯაჭვლიანიც დარწმუნებულია, რომ სამინისტრო ფედერაციის თხოვნას არ დააკმაყოფილებს და საქმე სასამართლომდე მივა. ფედერაციის პრეზიდენტის განცხადებით, ბათუმურ მსოფლიო ჩემპიონატს ქართული მკლავჭიდისთვის უდიდესი წარმატება უნდა მოეტანა. ქვეყნისთვის კი ეს უპრესტიჟულესი შეჯიბრება ფინანსური შემოსავლის წყარო უნდა გამხდარიყო, მაგრამ გაუმართლებელი გადაწყვეტილების გამო, ყველაფერი პირიქით მოხდა.

ფედერაციის პრეზიდენტის პარალელურად, სამინისტროს მსოფლიოს ფედერაციის მიერ დაკისრებული საჯარიმო თანხის გადახდას ჯაჭვლიანის მოწინააღმდეგე მკლავჭიდელებიც სთხოვენ.

ქართული მკლავჭიდის შიდა სამზარეულოში რომ დაპირისპირებაა, წლებია, სპორტის ამ სახეობის ყველა ქომაგმა იცის. მხარეებს ვერც ჯარიმის გადახდა და დისკვალიფიკაციის მოხსნა რომ ვერ შეარიგებს, ესეც უდავოა, მაგრამ ამ ეტაპზე ორივე მხარეს ერთი მოთხოვნა აქვს და ადრესატიც ერთი ჰყავს - კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო. ქართული სპორტის მმართველი ორგანიზაცია, რომელიც მკლავჭიდელების მოთხოვნასთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს.

  • 16x9 Image

    ოთარ მაღლაკელიძე

    სპორტული ჟურნალისტი. ბლოგერი. აშუქებს ქართული და უცხოური სპორტის ამბებს. არის ქართველ სპორტსმენთა შესახებ გამოცემული ოთხი წიგნის ავტორი; ნოდარ გუგუშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი, სპორტულ ჟურნალისტიკაში შეტანილი წვლილისთვის. 2012-2017 წლებში იყო „თავისუფლების დილის“ თანაწამყვანი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან.

XS
SM
MD
LG