Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიტიკური მკლავჭიდი - რატომ გადაიფიქრა მთავრობამ მსოფლიო ჩემპიონატის ბათუმში ჩატარება და რა მოხდა შემდეგ


ქართველი მკლავჭიდელები საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობას ვეღარ მიიღებენ. ასეთია სანქცია, რომელიც მკლავჭიდის მსოფლიო ფედერაციამ (WAF) საქართველოს მკლავჭიდის ფედერაციას დააკისრა.

სასჯელს სოლიდური ფინანსური ჯარიმაც დაემატება და მისი გადაუხდელობის შემთხვევაში საქართველოს ნაკრებისთვის ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატების კარი მინიმუმ ოთხი წლით ჩაიკეტება.

WAF-ის უმკაცრესი სანქციის მიზეზი მსოფლიოს 2021 წლის ჩემპიონატის ჩაშლა აღმოჩნდა. სეზონის უმთავრესი შეჯიბრებისთვის სექტემბერში უნდა ემასპინძლა ბათუმს, მაგრამ დაახლოებით ერთი თვის წინ გაირკვა, რომ მთავრობამ გადაიფიქრა ამ ჩემპიონატის ორგანიზება.

„მკლავჭიდის მსოფლიო ფედერაციის აღმასრულებელმა საბჭომ ეს უმძიმესი გადაწყვეტილება კონტრაქტის უხეშად დარღვევის გამო მიიღო. საქართველოს მკლავჭიდის ფედერაციამ ვერ შეძლო მსოფლიოს ჩემპიონატის ორგანიზება მკლავჭიდსა და პარამკლავჭიდში და ამით შეცდომაში შეიყვანა WAF-ის მენეჯმენტი და წევრები. შედეგად, მივიღეთ უზარმაზარი ფინანსური დარტყმა და შეილახა მსოფლიო ფედერაციის იმიჯი”, - წერია მკლავჭიდის მსოფლიო ფედერაციის განცხადებაში.

როგორ დარჩა ნანატრი მსოფლიოს ჩემპიონატი ნატვრად

საქართველოში მსოფლიოს ჩემპიონატის ჩატარების იდეა წლების წინ გაჩნდა. 2019 წელს კი მკლავჭიდის ფედერაციას მთავრობამ გამოუცხადა მხარდაჭერა, განაცხადი გაკეთდა ჩემპიონატის მასპინძლობაზე და მსოფლიო ფედერაციამაც დაადასტურა, რომ 2020 წელს, მსოფლიოს ჩემპიონ-პრიზიორები საქართველოში, კონკრეტულად კი ბათუმში გამოვლინდებოდნენ.

ნანატრი მსოფლიოს ჩემპიონატის შარშან ჩატარებას ხელი კოვიდსიტუაციამ შეუშალა. სპორტული ღონისძიებები ყველა სახეობაში ჩაიშალა და მკლავჭიდშიც, მხარეთა შეთანხმებით გადაწყდა, რომ შეჯიბრება ერთი წლით გადაიდებოდა.

საორგანიზაციო საკითხებზე მას შემდეგაც იმსჯელეს საქართველოს პარლამენტში. თანხის გამოყოფაც დაიგეგმა, მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად, მაგრამ... მერე ბევრი რამ შეიცვალა.

საქართველოს მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტ სოსო ჯაჭვლიანის განცხადებით, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ ფედერაციას მისწერა, რომ კოვიდსიტუაციის გამო, შეჯიბრების ჩატარებისგან თავი უნდა შეეკავებინათ.

სოსო ჯაჭვლიანი
სოსო ჯაჭვლიანი

ჯაჭვლიანისვე თქმით, ამ წერილიდან მსოფლიოს ჩემპიონატის დაგეგმილ სტარტამდე რამდენიმე კვირა რჩებოდა და მაშინვე გაჩნდა საშიშროება, რომ მსოფლიო ფედერაცია ამ გადაწყვეტილებას უმკაცრეს სანქციებს მოაყოლებდა.

ჩემპიონატი ჩაიშალა. საქართველოს ფედერაციას კი ვალად დაედო ხარჯები, რომლებიც მსოფლიოს ჩემპიონ-პრიზიორთა მედლების ჩამოსასხმელად და საშეჯიბრო მაგიდების შესაკვეთად გასწია.

შიდა ომი ქართულ მკლავჭიდში

ქართულ მკლავჭიდში ბოლო წლებში შიდა დაპირისპირებები ჩვეულებრივ ამბად იქცა, მაგრამ საკმაოდ დიდხანს, ფედერაციის პრეზიდენტის - სოსო ჯაჭვლიანის საქმიანობით უკმაყოფილო სპორტსმენები და მწვრთნელები, თავიანთ პროტესტს მხოლოდ კულუალურ საუბრებში გამოხატავდნენ. შიგადაშიგ იყო ხმაურიანი განცხადებებიც. მაგალითად, 2019 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტმა ერეკლე გურჩიანმა, მათი დარბაზიდან სავარჯიშო ინვენტარის დაკარგვის შესახებ აცნობა ჟურნალისტებს და ქურდობაში სოსო ჯაჭვლიანი დაადანაშაულა.

საქმეში სამართალდამცველებიც ჩაერთნენ, მაგრამ გამოძიება არ დაწყებულა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ქურდობის ფაქტი არ დადასტურდა. კარი გასაღებით გაეღოთ და გაეტანათ ინვენტარი, რომელიც საქართველოს მკლავჭიდის ფედერაციას ეკუთვნოდა.

მაშინ ჯაჭვლიანის მხარე ბევრმა ისეთმა მკლავჭიდელმა და მწვრთნელმა დაიჭირა, რომლებიც სულ რაღაც წელიწად-ნახევარში თავად დაუპირისპირდნენ ფედერაციის პრეზიდენტს, თან ბევრად უფრო დიდი სკანდალით - 2020 წლის შემოდგომაზე, საქართველოს მკლავჭიდის ფედერაციის გამგეობის სხდომა სწორედ მათ ჩაშალეს. ჯაჭვლიანის მოწინააღმდეგეები ქართულ მკლავჭიდში არსებულ დაძაბულ სიტუაციასა და ფედერაციაში დაფიქსირებულ ფინანსურ მაქინაციებზე ალაპარაკდნენ.

ჩაშლილი სხდომიდან რამდენიმე დღეში, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან არსებულმა სპორტული ორგანიზაციების აღიარებისა და დაფინანსების საბჭომ მკლავჭიდის ფედერაციას საბიუჯეტო დაფინანსება შეუწყვიტა. ეს უკვე საგანგაშო ზარი იყო ფედერაციის პრეზიდენტისთვის, მმართველი პარტიის - „ქართული ოცნების“ იმ დროისათვის ერთ-ერთი აქტიური წევრისთვის და, შესაბამისად, მისი ორგანიზაციისთვის მძიმე სანქციის დაკისრებამ ბევრი გააოცა.

მალევე, გავრცელდა ხმები, რომ ჯაჭვლიანის მოწინააღმდეგეთა უკან ფედერაციის პრეზიდენტზე უფრო მეტად გავლენიანი ძალა იდგა, კახი კალაძის ცოლისძმა - გიორგი არეშიძე, რომელიც ერთხანს სპორტისა და ახალგაზრდობის საქალაქო სამსახურს ხელმძღვანელობდა.

გამგეობის სხდომიდან ერთ კვირაში სოსო ჯაჭვლიანმა გააკეთა სკანდალური განცხადება, „ქართული ოცნების“ დატოვების შესახებ.

რადიო თავისუფლება სოსო ჯაჭვლიანს დღესაც ესაუბრა და ჰკითხა, მსოფლიოს ჩემპიონატის ჩაშლა ხომ არ იყო ფედერაციის პრეზიდენტის წინააღმდეგ მიმართული გადაწყვეტილება?

- როდესაც შენი ქვეყანა მსოფლიოს ჩემპიონატს მასპინძლობს და ამ უდიდეს ღონისძიებას სიტუაციის ამრევი ოთხი-ხუთი ადამიანის პრეტენზიას სწირავ, რა ქვეყანა ხარ? ასობით მორაგბე გამოვიდა, პრეზიდენტობის არასასურველი კანდიდატის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებით და ყველას კარგად გვახსოვს, როგორ გააჩუმეს ისინი. ამ შემთხვევაში კი, რატომღაც, ვერ შეძლეს, რამდენიმე კაცის გაჩუმება. შედეგად, დავკარგეთ შეჯიბრება, რომელიც ქართული მკლავჭიდისთვის და მთლიანად საქართველოსთვის ისტორიული იქნებოდა. ძალიან იმედგაცრუებული და გულდაწყვეტილი ვარ, - უთხრა ჯაჭვლიანმა რადიო თავისუფლებას.

- ელოდით ასეთ მძიმე სანქციებს?

- რა თქმა უნდა, ველოდი. ბოლო იმედი დაახლოებით ერთი თვის წინ გადამეწურა, როდესაც სამინისტრომ კოვიდსიტუაცია დაგვისახელა ჩემპიონატზე უარის თქმის მიზეზად. უბრალოდ, ისეთი პერიოდია, შეგნებულად ვერიდებოდი ხმამაღალი განცხადების გაკეთებას. მოახლოებული არჩევნების წინ, ჩემს კრიტიკას სხვანაირ კუდებს გამოაბამდნენ.

- ჩემპიონატამდე ერთი თვით ადრე ალბათ ბევრი საორგანიზაციო საკითხი მოგვარებულიც გქონდათ...

- უკვე დამზადებული იყო რვაასი ცალი ულამაზესი მედალი, რომლებიც სპეციალურად ამ შეჯიბრებისთვის ჩამოვასხით. სატურნირო მაგიდებიც შევუკვეთეთ და ეს ყველაფერი ვალით. დარწმუნებულები ვიყავით, რომ ჩვენს უკან ჩვენი მთავრობა იდგა. ბათუმურ მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილეობა სამი ათას სპორტსმენს უნდა მიეღო. სულ ათი ათასამდე სტუმარს ველოდით. გახსნის ცერემონიაზე დაპატიჟებულ საპატიო სტუმართა შორის იყო საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი თომას ბახი. ასევე საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელი. ჩემპიონატი მკლავჭიდზე გადაღებული ცნობილი ფილმის მთავარ გმირს სილვესტერ სტალონეს უნდა გაეხსნა. ყველაზე მთავარი კი ამ ჩემპიონატის მასშტაბურობა იყო. ტრადიციული კონკურენციის პარალელურად, მსოფლიოს ჩემპიონ-პრიზიორები უნდა გამოვლენილიყვნენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სპორტსმენებს შორის. ასევე ასაკობრივ ჯგუფებში - 16, 18 და 21-წლამდელთა შორის და 40 წელს გადაცილებულთა შორის.

- რა თანხა იყო საჭირო ამ ჩემპიონატის ჩასატარებლად?

- დაახლოებით რვაასი ათასი დოლარი. მაგრამ ამ შემთხვევაში ფინანსური მხარე არაფერ შუაშია. ჩაშლის მიზეზად სულ სხვა რამ დასახელდა.

- დისკვალიფიკაციისა და ფინანსური სანქციის გამოქვეყნების შემდეგ ხომ არ გისაუბრიათ მსოფლიო ფედერაციის წარმომადგენლებთან?

- ველაპარაკე, მაგრამ პირდაპირ მიმითითეს იმ დარღვევებზე, რომლებმაც პირველ ყოვლისა მათ შეუქმნა პრობლემები. ამ რანგის შეჯიბრების ერთი თვით ადრე ჩაშლა არ გვაპატიეს.

- ჯერ არსად დაწერილა იმის შესახებ, რამდენს შეადგენს ფინანსური ჯარიმა...

- ამას სავარაუდოდ ცოტა მოგვიანებით იტყვიან, თუმცა, ვფიქრობ, სანქციისგან თავის დაღწევა ჯერ კიდევ შეიძლება. თუკი მთავრობა გვერდით დაგვიდგება, იქნებ მძიმე სასჯელს გადავურჩეთ. ქართული მკლავჭიდისთვის დისკვალიფიკაცია გამანადგურებელი დარტყმა იქნება.

  • 16x9 Image

    ოთარ მაღლაკელიძე

    სპორტული ჟურნალისტი. ბლოგერი. აშუქებს ქართული და უცხოური სპორტის ამბებს. არის ქართველ სპორტსმენთა შესახებ გამოცემული ოთხი წიგნის ავტორი; ნოდარ გუგუშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი, სპორტულ ჟურნალისტიკაში შეტანილი წვლილისთვის. 2012-2017 წლებში იყო „თავისუფლების დილის“ თანაწამყვანი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან.

XS
SM
MD
LG