Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ეს „რეჟიმი“ უნდა წავიდეს“ - სოსო ჯაჭვლიანი „ქართულ ოცნებას“ ტოვებს


სოსო ჯაჭვლიანი. რადიო თავისუფლების ფოტოარქივი, 2018 წ.
სოსო ჯაჭვლიანი. რადიო თავისუფლების ფოტოარქივი, 2018 წ.

„ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი სოსო ჯაჭვლიანი მმართველ პარტიას ტოვებს. საქართველოს მკლავჭიდის ფედერაციის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა „მთავარი არხის“ ეთერში ილაპარაკა სპორტულ ფედერაციებში მაფიოზური მმართველობის შესახებ.

„მე ახლა, დღეიდან, ამ წუთიდან „ქართული ოცნების“ წევრი აღარ ვარ. იმ „ზონდერბრიგადის“ წევრი მე ვერასოდეს ვერ ვიქნები, ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ. ეს „რეჟიმი“ უნდა წავიდეს! ეს რეჟიმია აბა რა არის?!“ - ამბობს სოსო ჯაჭვლიანი.

ყოფილი დეპუტატის თქმით, მმართველი პარტია ვერ იტანს ადამიანებს, რომლებსაც საკუთარ სფეროში აქვთ ავტორიტეტი. ჯაჭვლიანი იხსენებს, როგორ სურდათ მისი გადაყენება ფედერაციის პრეზიდენტობიდან.

„ამათ რა უნდოდათ, რა გააკეთეს, გველური ჩანაფიქრი: გამგეობის კრება მოაწყვეს ისე, რომ უფლება არ ჰქონდათ და ჩემი გადაყენება უნდოდათ, მაგრამ ვერ გადამაყენეს. რომ გადავეყენებინე, საზოგადოება იტყოდა ასე: „სოსოს ეტყობა იქ ისეთი დარღვევები და უბედურება ჰქონდა, რომ ახლა გვერდზე გაწიეს, მაგრამ არ გაწირეს ბოლომდე. მე განეიტრალებული ვიქნებოდი. ჩვენი ოპოზიცია იტყოდა: „სოსო „ოცნებისტი“ იყავი?! იოცნებე, ნახე, რა გიქნეს შენიანებმა“. მაგრამ ესეც, რომ ვერ გააკეთეს [ხელისუფლების წარმომადგენლებმა], ამ მეთოდებით დამიწყეს ბრძოლა, რაც ნახეთ“, - ამბობს სოსო ჯაჭვლიანი. როგორც ჯაჭვლიანი აცხადებს, მის ცოლს უცნობი პირები დახვდნენ და დაემუქრნენ, თუმცა ამ ფაქტით სამართალდამცველები არ დაინტერესებულან.

ყოფილი დეპუტატი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შესახებაც ჰყვება. ჯაჭვლიანის თქმით, მან უთხრა, რომ ფედერაციის საქმეებში ვერ ჩაერევა. „ჩარევა კი არა, გააჩერონ ხალხი, რომ სიმართლე დამტკიცდეს“, - აღნიშნა მან.

ყოფილმა დეპუტატმა დაამატა, რომ ხელისუფლებას „ზონდერბრიგადები“ სჭირდება ხალხის დასაშინებლად და ის ამ გზით სპორტსმენებს ატერორებს.

საქართველოს მკლავჭიდის ფედერაციაში მომხდარი ხმაურიან დაპირისპირებას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ მკაცრი სანქციით უპასუხა. სამინისტროსთან არსებულმა სპორტული ორგანიზაციების აღიარებისა და დაფინანსების საბჭომ ფედერაციას საბიუჯეტო დაფინანსება შეწყვიტა.

სამინისტრო დაპირისპირებულ მხარეებს სიტუაციის სასწრაფოდ დარეგულირებისკენ მოუწოდა. სოსო ჯაჭვლიანი აცხადებდა, რომ ამ ამბის უკან დგას ძალა, რომელიც მკლავჭიდის ფედერაციაში შეგნებულად აღვივებს კონფლიქტს. ჯაჭვლიანის მოწინააღმდეგეები კი ფედერაციის პრეზიდენტს თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებენ და მის გადადგომას მოითხოვენ.

17 ოქტომბერს, საქართველოს მკლავჭიდის ფედერაციის გამგეობის სხდომა ხმაურის გამო ჩაიშალა. სასტუმრო „ბომონდ გარდენში“ მიმდინარე სხდომაზე დასწრების მსურველ სპორტსმენებს დაცვის სამსახურმა დარბაზში შესვლის უფლება არ მისცა. მკლავჭიდელების განცხადებით, დაცვას მათი შეჩერება ფედერაციის პრეზიდენტმა დაავალა. საბოლოოდ, მკლავჭიდელები მაინც შევიდნენ სხდომაზე და სოსო ჯაჭვლიანის გადადგომა მოითხოვეს. თვითმხილველთა განცხადებით, მხარეებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა და გამგეობის სხდომის გაგრძელება ვეღარ მოხერხდა.

XS
SM
MD
LG