საქართველოს მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტ სოსო ჯაჭვლიანთან დაპირისპირებული სპორტსმენები განაგრძობენ პროტესტს და სამინისტროსგან ფედერაციის რეფორმას მოითხოვენ.
„მსოფლიო ჩემპიონები ზოგი ტაქსაობს, ზოგი "გლოვოში" მუშაობს. უკიდურეს ზომამდე არიან მისული“, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან ექვსგზის მსოფლიოს და ცხრაგზის ევროპის ჩემპიონი გენადი კვიკვინია და განაგრძობს: „ახალი სპორტული სეზონი იწყება და ამ ხალხს სჭირდება პასუხი. გამოვიდეს მინისტრი და გაგვცეს პასუხი, თუ რას აპირებენ“.
მკლავჭიდელები წლებია ეწინააღმდეგებიან სოსო ჯაჭვლიანს და მოითხოვენ მის გადადგომას.
ქართულ მკლავჭიდში სიტუაცია განსაკუთრებით დაიძაბა მას შემდეგ, რაც 2021 წელს საქართველოში დაგეგმილი მსოფლიო ჩემპიონატი ჩაიშალა, რაშიც სპორტსმენები სოსო ჯაჭვლიანს ადანაშაულებენ.
სპორტსმენები უფრო მძიმე ბრალდებებითაც გამოდიან და ამბობენ, რომ ჯაჭვლიანი აბსურდულად დიდ თანხებს ითხოვდა მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებისთვის.
„ჯაჭვლიანი ითხოვს 800 000 დოლარს. ამბობს, რომ ფული გაწერილი აქვს მკლავჭიდის მაგიდებშიო. არადა, ეს მაგიდა ყველაზე მეტი 600 ევრო ღირს. ამას კი გაწერილი აქვს 15 500 ევრომდე. აბსურდული თანხები აქვს გაწერილი“, - ამბობს გენადი კვიკვინია.
მისივე თქმით, თანხის ნაწილი ფედერაციაში უკვე გადარიცხული იყო, როცა სამინისტროს რეალური ინფორმაცია მიაწოდეს და პროცესი შეჩერდა.
„ახალ მინისტრთან, თეა წულუკიანთან გვქონდა შეხვედრა. რაღაცები გაითვალისწინა და გააჩერა დაფინანსება, სანამ გაირკვევა დეტალები. მაგრამ ეს გაურკვევლობა თუ სამუდამო იქნება, ისევ სპორტსმენები ვზარალდებით“, - ამბობს კვიკვინია.
სპორტსმენები მოითხოვენ, რომ სამინისტრომ დაფინანსება გამოუყოს ახალ ფედერაციას, რომელიც „იქნება ჯანსაღი, მოაზროვნე ხალხით დაკომპლექტებული“ ან ჯაჭვლიანთან მოლაპარაკებით მოაგვაროს პრობლემა.
წინააღმდეგ შემთხვევაში, სპორტსმენების თქმით, უფრო რადიკალურ პროტესტს მიმართავენ და შესაძლოა, გადაკეტონ გზა.
2021 წელს, ჩემპიონატის ჩაშლასთან ერთად, მკლავჭიდის მსოფლიო ფედერაციამ საქართველოს მკლავჭიდის ფედერაციას საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობა აუკრძალა მინიმუმ ოთხი წლით. ამასთან, სპორტსმენები ამბობენ, რომ დისკვალიფიკაცია ოფიციალური არ არის და დაფინანსების არსებობის შემთხვევაში, ისინი შეძლებენ ტურნირებში მონაწილეობას.
„პარასპორტსმენები იყვნენ ჩასული ჩემპიონატზე და ჩვეულებრივად დარეგისტრირდნენ. საიტზეც წესით ყველა ქართველი სპორტსმენი უნდა ვიყოთ გაწითლებული, მაგრამ არ ვართ. ეს საკითხი მოგვარებადია, მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტთანაც გავლილი გვაქვს“, - ამბობს გენადი კვიკვინია.
სოსო ჯაჭვლიანის მტკიცებით, 2021 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებაზე უარი სპორტის სამინისტრომ თქვა, კოვიდსიტუაციის მიზეზით.