თურქმენეთში პრეზიდენტის, გურბანგული ბერდიმუხამედოვის ვაჟი დასახელდა პრეზიდენტობის კანდიდატად რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გახსნა კამპანიის პირველი ეტაპი ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის.
40 წლის სერდარ ბერდიმუხამედოვის კანდიდატად დასახელების გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 14 თებერვალს, თურქმენეთის მმართველი, დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე, მას შემდეგ, რაც საარჩევნო კომისიამ შუა აზიის ამ, მკაცრად კონტროლირებულ ქვეყანაში რეგისტრირებულ სამ პოლიტიკურ პარტიას გზა გაუხსნა კანდიდატების დასახელებისკენ.
სამი დღით ადრე, ვეტერანმა ავტორიტარმა ლიდერმა, 64 წლის გურბანგული ბერდიმუხამედოვმა მიანიშნა, რომ გადადგომას აპირებს. მმართველი პარტიის გარდა, ამ იზოლირებულ, ენერგორესურსებით მდიდარ ქვეყანაში რეგისტრირებულია კიდევ ორი პარტია, რომლებიც მმართველი ძალის ერთგულები არიან - აგრარული პარტია და მეწარმეთა და ბიზნესმენთა პარტია. ყველა მათგანი მხარს ბერდიმუხამედოვს უჭერს, რადგან თურქმენეთში ნამდვილი ოპოზიციური პარტია არ არსებობს.
ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 12 მარტს დაინიშნა, მას შემდეგ, რაც ბერდიმუხამედოვმა პარლამენტის ზედა პალატის წევრებს საგანგებო სხდომაზე უთხრა, რომ აპირებს გადადგეს და ხელისუფლება "ახალგაზრდა ლიდერებს" დაუთმოს. ანალიტიკოსების უმრავლესობა ვარაუდობდა, რომ ბერდიმუხამედოვი ამ ნაბიჯით აპირებდა მართვის სადავეების გადაბარებას თავისი შვილისთვის, სერდარისთვის, რომელსაც სექტემბერში შეუსრულდა 40 წელი - პრეზიდენტობისთვის აუცილებელი ასაკი ქვეყნის კონსტიტუციის თანახმად.