Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის დატოვებისკენ თავიანთ მოქალაქეებს ევროკავშირის კიდევ სამმა ქვეყანამ მოუწოდა


თავისუფლების ქანდაკება კიევის ცენტრში
თავისუფლების ქანდაკება კიევის ცენტრში

ევროკავშირის სამმა სახელმწიფომ - იტალიამ, შვედეთმა და ჩეხეთმა, მოუწოდეს თავიანთ მოქალაქეებს, რათა დატოვონ უკრაინა რუსეთის მხრიდან არსებული სამხედრო ესკალაციის საფრთხის გამო.

ამის შესახებ უკრაინული გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“ იუწყება სამივე საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაზე დაყრდნობით. იტალიისა და შვედეთის საელჩოებისგან განსხვავებით, ჩეხეთმა თავის მოქალაქეებს უკრაინის გარდა, ბელარუსის ტერიტორიის დატოვებისკენაც მოუწოდა.

მანამდე, პარასკევს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მოუწოდა თავის მოქალაქეებს, დატოვონ უკრაინა. მისი თქმით, ეს აუცილებელია რუსეთის მხრიდან ომის დაწყების საფრთხის გამო. „მოვლენები შეიძლება სწრაფად განვითარდეს“, - განაცხადა ბაიდენმა 10 თებერვალს NBC News-თან საუბრისას.

ამის შემდეგ რამდენიმე სახელმწიფომ ერთდროულად დაიწყო უკრაინიდან თავისი ქვეყნის მოქალაქეების გაყვანა ან მოუწოდა მათ, დატოვონ ქვეყანა. ამგვარი მოწოდებით თავის მოქალაქეებს მიმართა იაპონიის საგარეო საქმეთა სახელმწიფო სამინისტრომ. მსგავსი განცხადებით გამოვიდა კიევში ნიდერლანდის ელჩი.

კიევიდან დიპლომატების ოჯახების გაყვანის შესახებ განცხადება გააკეთა ისრაელმაც.

რუსეთის მოსალოდნელი ინტერვენციის შესახებ გავრცელებული ცნობებისა და გაფრთხილების მიუხედავად, დიდი ბრიტანეთის ელჩმა უკრაინაში, მელინდა სიმონსმა განაცხადა, რომ აგრძელებს თავის საქმიანობას უკრაინაში.

დღეს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოუწოდა მოსახლეობას, რომ არ აყვნენ პანიკას და განაცხადა, რომ პანიკა ეს არის რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ჰიბრიდული ომის შემადგენელი ნაწილი.

XS
SM
MD
LG