Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მინსკი აცხადებს, რომ რუსეთის სამხედრო ძალა ბელარუსს ერთობლივი მანევრების დასრულების შემდეგ დატოვებს


ბელარუსის ხელისუფლება აცხადებს, რომ რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალა, რომელიც ერთობლივ არაგეგმურ წვრთნაში(„საკავშირო სიმტკიცე 2022“) მონაწილეობს, ბელარუსის ტერიტორიას მანევრების დასრულების შემდეგ დატოვეს.

ამის შესახებ მინსკმა ეუთოს ოფიციალურად მას შემდეგ აცნობა, რაც, ვენის შეთანხმებით გათვალისწინებული „საფრთხეების შემცირების მექანიზმის ფარგლებში“, მინსკისგან სამხედრო წვრთნის ამოცანისა და მასში მონაწილე პირადი შემადგენლობის რაოდენობის შესახებ ინფორმაცია ლიეტუვამ გამოითხოვა.

ოფიციალურ წერილში მინსკი იტყობინება, რომ წვრთნაში მონაწილე „ჯარებისა და შეიარაღების ძირითადი სისტემების რაოდენობა არ აღემატება ვენის 2011 წლის დოკუმენტით დადგენილ ნორმებს“.

გარდა ამისა, გამჭვირვალეობის უზრუნველსაყოფად, ბელარუსის ტერიტორიაზე 10 თებერვალს დაწყებულ წვრთნებზე დამკვირვებლად მიიწვიეს ლიეტუვისა და ლატვიის და ასევე ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროში აკრედიტებული სამხედრო-დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. „წვრთნის გაშუქების ინტერესებიდან გამომდინარე აკრედიტებულია 17 ქვეყნის მასობრივი საინფორმაციო საშუალების წარმომადგენელი“, - ნათქვამია ბელარუსის მიერ ეუთოში გაგზავნილ ოფიციალურ შეტყობინებაში.

ვენის შეთანხმებით გათვალისწინებული „საფრთხეების შემცირების მექანიზმის ფარგლებში“ ერთობლივ წვრთნა „საკავშირო სიმტკიცე 2022“-ში მონაწილე რუსეთის ქვედანაყოფებისა და შეიარაღების შესახებ ინფორმაცია 11 თებერვალს უკრაინამ მოსკოვისგან მოითხოვა.

კიევი და მისი დასავლელი მოკავშირეები ფიქრობენ, რომ ბელარუსში რუსეთს უფრო დიდი სამხედრო ძალა ჰყავს გადასროლილი, ვიდრე ვენის 2011 წლის შეთანხმებით არის გათვალისწინებული.

მაგრამ სხვადასხვა, მათ შორის დასავლეთის დაზვერვის სამსახურებთან დაკავშირებული წყაროს ცნობით, რუსეთმა ბელარუსში გაგზავნა 30 ათასამდე სამხედრო.

3 თებერვალს იგივე რიცხვი დაასახელა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, რომელმაც ბელარუსის ტერიტორიაზე მანევრებს უწოდა ცივი ომის შემდეგ რუსეთის მიერ ძალთა ყველაზე დიდი გაშლა და გაიმეორა, რომ რუსეთს ძვირად დაუჯდება უკრაინის წინააღმდეგ ნებისმიერი აგრესია.

„ბოლო დღეებში ჩვენ მოწმენი გავხდით რუსეთის მნიშვნელოვანი ძალების გადაადგილებისა ბელარუსში. ცივი ომის შემდეგ ეს არის რუსეთის ძალების უდიდესი გაშლა (ბელარუსში). მოსალოდნელია, რომ ეს იქნება 30 ათასი რუსი მებრძოლი, სპეცდანიშნულების ძალების დანაყოფი, სპეცრაზმი. მათ შორის, СУ-35 ტიპის გამანადგურებელი, ორმაგი დანიშნულების „ისკანდერის“ რაკეტა და საჰაერო თავდაცვის სისტემა С400. ასე რომ, ჩვენ ვლაპარაკობთ თანამედროვე სამხედრო შესაძლებლობების ფართო სპექტრზე, რასაც ემატება რუსეთის ბირთვული ძალების ყოველწლიური მეცადინეობა, რომელიც ამ თვეში გაიმართება“, - განაცხადა 3 თებერვალს ნატოს გენერალურმა მდივანმა, ჩრდილოეთ მაკედონიის პრემიერ-მინისტრ დიმიტარ კოვაჩევსკისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

აშშ-ის ხელისუფლება აცხადებს, რომ უკრაინის საზღვრებთან თავმოყრილი რუსეთის ჯარისკაცთა რაოდენობა თებერვლის შუა რიცხვებისთვის 150 ათასამდე იქნება, რაც საკმარისია სრულმასშტაბიანი ინტერვენციისთვის. რუსეთი ამ ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ მის საკუთარ ტერიტორიაზე სამხედრო ძალების გადაადგილება და ასევე რუსეთ-ბელარუსის ერთობლივი წვრთნა არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული.

XS
SM
MD
LG