"წარმოიდგინეთ, რომ ბუშტი გაბერო და დაფუშო, ეგრე მაქვს თავის ტკივილი, რომელსაც ვერ ვიჩერებ. დღის განმავლობაში ერთ ფირფიტაზე მეტი გამაყუჩებლები მჭირდება ამ დრომდე, ტკივილები რომ გავიყუჩო", - ასე აღწერა თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობა თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩვენების მიცემისას საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ოპერატორმა ილია თვალიაშვილმა. ის 5 ივლისის ძალადობრივი აქციის ერთ-ერთი დაზარალებულია და ჩვენებას სწორედ ამ საქმის ფარგლებში მიმდინარე სასამართლო სხდომაზე აძლევდა.
"ერთ-ერთმა ნავარჯიშევმა ადამიანმა მითხრა, გაერიდე აქაურობასო. ნელა-ნელა უკან-უკან ვიწევდი, რის დროსაც ამ ჯგუფმა შემითრია თავისკენ. რაც მახსოვს, ძირს დამაგდეს და არც ვიცი, როგორ გამისწორდნენ. 10-15 კაცი მაინც იქნებოდა. ჩემთვის წარმოუდგენელია, ადამიანები, რომლებსაც არ ვიცნობდი, რომლებისთვისაც არაფერი მითქვამს, ძირს დამაგდეს და ამდენი ადამიანი მისწორდებოდა. ზოგი თავში მირტყამდა, ზოგი ტანზე მირტყამდა, ზოგი თვალებს მთხრიდა. 7 თვე გავიდა იმის მერე და ამ დრომდე ვმკურნალობ. ახლაც ვმკურნალობ, წამლები დამაქვს ჩანთით", - ეს არის ფრაგმენტი სასამართლოში 11 თებერვალს მიცემული მისი ჩვენებიდან.
ილია თვალიაშვილს, მისი მონათხრობის მიხედვით, 5 ივლისს ქაშუეთის ეკლესიის სიახლოვეს ათზე მეტი ადამიანი მაშინ გაუსწორდა, როცა პირდაპირ ეთერში მაუწყებლობდა რუსთაველის გამზირიდან. ამ შემთხვევის შემდეგ თითქმის სრულად განადგურდა მისი კამერა და პირდაპირი ეთერის სიგნალის გადამცემი აპარატურა [liveu], რომელთა ღირებულებაც დაახლოებით 35 000 ლარია, თავად ის კი კლინიკაში თავის არეში დაზიანებებით, თითქმის უგონო მდგომარეობაში მიიყვანა პოლიციამ. ილია თვალიაშვილს ფიზიკური ანგარიშსწორების შემდეგ დაუზიანდა მხედველობაც. პირველი ჰოსპიტალიზაციიდან რამდენიმე დღის განმავლობაში ის თითქმის ვერაფერს ხედავდა.
"რამდენ ხანს გრძელდებოდა თქვენზე ფიზიკური ძალადობა?" - ჰკითხა დაშავებულ ოპერატორს სასამართლო სხდომაზე პროკურორმა. ამ კითხვაზე ილია თვალიაშვილის პასუხი ვრცელი იყო:
"ზუსტად არ მახსოვს. თქვენ შეგიძლიათ ეს ნახოთ ჩემი გადაღებული მასალიდან. დავარდნამდე, დავარდნის მერეც, სანამ კამერა და "ლაივიუ" დაზიანდებოდა, მანამდე თითოეული კადრი არის გადაღებული, როგორ მისწორდებოდნენ. შეიძლება ყველა ის ადამიანი, ვინც მე მისწორდებოდა, იმ კადრებში იყვნენ მოქცეულები. პირდაპირ ეთერში გადაეცემოდა ეს კადრები. ბატონო მოსამართლე, ერთს ვიტყვი კიდევ. გარდა იმისა, რომ მე დავზიანდი, კამერა სულ განადგურდა, ტელევიზიაში იყო 2 თვის განმავლობაში დალეწილი და განადგურებული, არავინ დაინტერესებულა, მე დავამტვრიე და მოდი ავანაზღაურებ ან რამე მსგავსი. ჩემთანაც კი არავინ მოსულა, ბოდიში არავის მოუხდია და უკითხია, ჯანმრთელობის რა მდგომარეობა მაქვს, მიუხედავად იმისა, რომ საავადმყოფოდან გამოვდიოდი და შევდიოდი. ახლაც ეგრე ვარ, თვეში ერთხელ მაინც მჭირდება ექიმთან ვიზიტი.
მაგ პერიოდში მეუღლე მყავდა ორსულად, დღე-დღეზე ელოდებოდა ბავშვს. პოლიციამ რომ გამიყვანა იმ ადგილიდან, არ მახსოვს, მანქანაში როგორ ჩამსვეს. გონება დაკარგული მქონდა, მახსოვს, რომ პოლიციის მანქანაში მოვედი გონზე და რაციაში ისმოდა წივილ-კივილის ხმა - ჩემი ჟურნალისტი ყვიროდა, ოპერატორი მომიკლესო, რაღაც ტერიტორიას უთითებდა, იქ გდია, მკვდარია და მიშველეთო. ეს არ იყო ჩვეულებრივი ადამიანის ხმა. კადრები არსებობს და შეგიძლიათ ნახოთ, როგორ წიოდა და კიოდა გოგო. ახლა წარმოიდგინეთ, ჩემი ორსული ცოლი რომ ამას გაიგონებდა, რა მდგომარეობაში ჩავარდებოდა. გარდა მაგისა, ბავშვი მყავს აუტისტური სპექტრის აშლილობით. ის ბავშვი რომ გაიგებდა, რომ მამამისი სრულიად უდანაშაულოდ [ასე სცემეს]...
მე რომ პოლიციას იქიდან არ გავეყვანე, ეს ადამიანები ისე მცემდნენ, ისე მომკლავდნენ, ვერც ერთი ვერ გაიგებდა, რომ მკვდარი ვიყავი, ისე უმოწყალოდ მირტყამდნენ. ბოლოს რაც მახსოვს, თავში დამარტყეს ძალიან ძლიერად და თავი დავარტყი ასფალტზე. მერე აღარაფერი მახსოვს".
სასამართლო პროცესზე გამოკითხვისას პროკურორი დაინტერესდა მკურნალობის ხანგრძლივობით, რომელიც დაზარალებულს 5 ივლისის შემდეგ დასჭირდა. ილია თვალიაშვილმა უთხრა, რომ ჰოსპიტალიზაცია რამდენჯერმე დასჭირდა, პირველად კლინიკაში მოხვედრისას კი რამდენიმე დღის განმავლობაში ვერაფერს ხედავდა.
პროკურორის კითხვაზე, რა დიაგნოზით მიდიოდა კლინიკებში 5 ივლისის შემდეგ, პირველი ჰოსპიტალიზაციის დასრულების შემდეგ, საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორმა თქვა, რომ პრობლემაა როგორც ძლიერი ტკივილები, ასევე მეხსიერების გაუარესება და მხედველობა.
ილია თვალიაშვილი: "პრაქტიკულად ტელევიზიაში ვმუშაობ ქვია, მაგრამ პენსიაზე ვარ. ვერც დაკისრებულ მოვალეობას ვასრულებ... ჩემი პროფესია ჩემი თვალია...თვალი აღარ მაქვს იმისთვის, რომ ჩემი საქმე შევასრულო. სათვალის გარეშე ვერ ვხედავ".
პროკურორი: რა შეიცვალა თქვენს სამუშაო სპეციფიკაში 5 ივლისის შემდეგ?
ილია თვალიაშვილი: "სამუშაო სპეციფიკაზე რა გითხრათ, მაგრამ ჩემ ცხოვრებაში ყველაფერი შეიცვალა. ის ილიკო თვალიაშვილი აღარ ვარ, ვინც ვიყავი. ვერაფერს ვეღარ ვაკეთებ, რასაც ვაკეთებდი. მირჩევნია მშვიდად და წყნარად ვიყო სახლში, იმიტომ რომ გავუფრთხილდე საკუთარ თავს. სამსახურში ფაქტობრივად ფუნქცია დაკარგული მაქვს, ვერ ვასრულებ დაკისრებულ სამუშაოს. მხოლოდ პირდაპირი ჩართვა შემიძლია გავაკეთო".
ამავე სასამართლო პროცესზე ბრალდებულების ადვოკატები დაინტერესდნენ, იცოდა თუ არა დაზარალებულმა გადაღებაზე წასვლის წინ, რა აქციაზე მიდიოდა და ჩატარდა თუ არა მის მიერ თავდამსხმელების ამოცნობის პროცედურა.
2021 წლის 5 ივლისს, როცა თბილისში ლგბტ "ღირსების მარში" უნდა ჩატარებულიყო, ქუჩაში მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელოებისა და "ალტ-ინფოს" მოწოდებით, რამდენიმე ათასი ადამიანი გამოვიდა, მათ შორის, სიძულვილის ჯგუფები. ამ დღეს "მარში" არ შედგა, თუმცა მიმდინარე პროცესების გასაშუქებლად მყოფ 50-ზე მეტ ჟურნალისტზე იძალადეს. სისხლის სამართლის საქმე რამდენიმე ნაწილად არის გაყოფილი, სასამართლო სხდომა ერთ ნაწილზე დღეს, 11 თებერვალს იმართება.