Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეჩნეთის სასამართლომ უარი თქვა შინაპატიმრობის პირობით ზარემა მუსაევას გათავისუფლებაზე


ზარემა მუსაევა
ზარემა მუსაევა

ჩეჩნეთის რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ უარი თქვა შინაპატიმრობით შეეცვალა აღკვეთის ღონისძიება ზარემა მუსაევასთვის, რომელიც 20 იანვარს რუსეთის ქალაქ ნიჟნი ნოვგოროდიდან ძალის გამოყენებით ჩაიყვანეს გროზნოში, სადაც თავდაპირველად მას ადმინისტრაციული სასჯელი დაუწესეს პოლიციელის შეურაცხყოფის ბრალდებით. მოგვიანებით კი მის წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. მუსაევას ბრალად ედება, რომ ის თითქოს თავს დაესხა პოლიციის თანამშრომელს, რომელიც ოქმს წერდა.

სასამართლომ გაიზიარა პროკურორის მოსაზრება, რომლის თანახმად მუსაევას ყოფნა საგამოძიებო იზოლატორში მის წინააღმდეგ შეფარდებული ბრალდების ფონზე, კანონიერია და დასაბუთებული. ადვოკატები მოსამართლის ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ.

უფლებადამცველების ცნობით, ზარემა მუსაევა კვლავინდებურად ცუდად გრძნობს თავს და უჭირს გადაადგილება. 10 თებერვლის სასამართლო პროცესში იგი ვიდეოკავშირის საშუალებით მონაწილეობდა.

8 თებერვალს ადმინისტრაციული საქმის განხილვისას, რომელშიც მუსაევას პოლიციელის შეურაცხყოფაში ედება ბრალი, მან მოსამართლის შეკითხვაზე პასუხისას გონება დაკარგა. მთელი სასამართლო სხდომა, რომელზეც მას 15 დღით პატიმრობა მიუსაჯეს, მუსაევამ უგონო მდგომარეობაში გაატარა.

ზარემა მუსაევა ჩეჩნეთის უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლის, საიდი იანგულბაევის ცოლი და ჩეჩნეთის ხელისუფლების მიერ დევნილი ძმების, აბუბაქარ და იბრაგიმ იანგულბაევის დედაა.

ჩეჩენი სამართალდამცველები ყოფილი მოსამართლის, საიდი იანგულბაევის შვილებს ოპოზიციური ტელეგრამის არხის, „1 ადათის“ შემქმნელებად და მოდერატორებად მიიჩნევენ. იბრაგიმი დაუსწრებლად დააპატიმრეს ამ არხით გავრცელებული პუბლიკაციების გამო. ძმები ამჟამად უცხოეთში ემალებიან ჩეჩნეთის ხელისუფლების დევნას.

XS
SM
MD
LG