"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ინფორმაციით, ევროპულმა სასამართლომ პოლიციელის მიერ ჩადენილი ფემიციდის საქმეზე დარღვევა დაადგინა. ორგანიზაციის ინფორმაციით, 10 თებერვალს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე A and B v. Georgia გადაწყვეტილება გამოიტანა.
როგორც ორგანიზაციის განცხადებაში ვკითხულობთ, 19 წლის სალომე ჯორბენაძე 2014 წლის 25 ივლისს ზესტაფონში მოკლა ყოფილმა ქმარმა, ზესტაფონის რაიონული სამმართველოს თანამშრომელმა, სერგი საცერაძემ სამსახურებრივი საშტატო იარაღით.
საიას განცხადებით, მკვლელობამდე სალომე ჯორბენაძე მიმართავდა ზესტაფონის პოლიციას, პროკურატურას და შსს-ს გენერალურ ინსპექციას და მოძალადისგან დაცვას ითხოვდა. როგორც ორგანიზაცია აღნიშნავს, მიუხედავად ამისა, მოძალადის შესაჩერებლად კანონით გათვალისწინებული ზომები არ გატარდა.
ევროპულმა სასამართლომ საქმეზე სიცოცხლის უფლების (ევროპული კონვენციის მე-2 მუხლი) და დისკრიმინაციისგან დაცვის (ევროპული კონვენციის მე-14 მუხლი) უფლების დარღვევა დაადგინა.
საქმეს საია აწარმოებდა ორგანიზაციებთან, "ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრი" (EHRAC) და "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" (PHR) თანამშრომლობით.