Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თაკო ჩარკვიანი მიხეილ სააკაშვილის პროცესიდან გაიყვანეს


პარლამენტის წევრი თაკო ჩარკვიანი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესიდან მანდატურებმა გაიყვანეს. გადაწყვეტილება მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა მიიღო.

მოსამართლემ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ჩარკვიანმა სხდომაზე ნებართვის გარეშე ხმამაღლა საუბარი დაიწყო და პროცესს სამარცხვინო უწოდა, პროკურორს კი - "კორუფციონერი". პროცესზე დასწრება შეზღუდულია და ის პირდაპირ ეთერში გადაიცემა - ჩარკვიანი ყვიროდა და მისი სიტყვების გარჩევა ტელეეკრანიდან შეუძლებელი იყო.

მოსამართლეს სურდა დარბაზიდან გაძევებამდე დეპუტატისთვის მიემართა, თუმცა ჩარკვიანმა მას საუბარი არ დააცადა.

"ვინც იღებთ ამ პროცესში მონაწილეობას, ძალიან გთხოვთ, თუ მიგაჩნიათ, რომ სამარცხვინოა, ფარსია და ა.შ. საკუთარი ნებით ნუ ჩაიყენებთ თავს ამ ფარსში, ამ სამარცხვინო პროცესში, დარჩით სახლში, ინტერესის შემთხვევაში ტელევიზიიდან ადევნეთ თვალი. ის, რომ ეს პროცესი ისტორიულია, მე ამის შეხსენება არავის მხრიდან არ მჭირდება, 6 წელია ვიხილავ ამ საქმეს და ძალიან კარგად ვარ გათვითცნობიერებული, რა პროცესს ვუძღვები, მაგრამ უნდა მომცეთ შესაძლებლობა, რომ ამ პროცესს გავუძღვე სრულფასოვნად", - თქვა მოსამართლემ.

სხდომის დასრულების შემდეგ ჩარკვიანმა მედიას უთხრა, რომ ისედაც აღარ აპირებდა სხდომაზე დასწრებას.

"მე ვუთხარი ბატონ ბადრის, თქვენ არ მგონია, რომ ამ ისტორიულ, სამარცხვინო გადაწყვეტილებას ხელი მოაწეროთ-მეთქი და წამოვედი... ჩემი პროტესტი გამოიწვია იმან, რომ არ აძლევდა საშუალებას მესამე პრეზიდენტს ეთქვა სიტყვა და ეჩრებოდა პირში კორუფციონერი პროკურორი", - თქვა ჩარკვიანმა.

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. პიჯაკების საქმე განიხილება. საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის, წარდგენილი ბრალდება ასე არის ფორმულირებული - სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ჩადენილი ფულადი თანხის დიდი ოდენობით გაფლანგვა.

პროკურატურის თანახმად, საქმე ეხება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის გაფლანგვის ფაქტს. უწყების ინფორმაციით, 2009 წლის 1 მაისიდან 2013 წლის 25 თებერვლამდე, მიხეილ სააკაშვილის დავალებით და ორგანიზებით, მისი პირადი მიზნებისთვის, აღნიშნული თანხიდან არამიზნობრივად დაიხარჯა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 9 024 367 ლარი. დანაშაული დამტკიცების შემთხვევაში სასჯელის სახედ და ზომად შვიდიდან თერთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს და ამ დროიდან პატიმრობაშია.

2018 წელს საქართველოს სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი დაუსწრებლად გაასამართლა სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების გამო მსჯავრდებულთა შეწყალების და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი ორივე საქმეზე დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებაში. მას 6 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი. ამ ეტაპზე მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სასამართლო სამ საქმეს განიხილავს - ე.წ. პიჯაკების საქმის გარდა, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია ასევე 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის ძალადობრივად დაშლისა და სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეებში.

XS
SM
MD
LG