Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უფლებადამცველმა აბუბაქარ იანგულბაევმა საქართველო დატოვა კადიროვის მუქარის შემდეგ დაწყებული თვალთვალის გამო


აბუბაქარ იანგულბაევი
აბუბაქარ იანგულბაევი

“წამების საწინააღმდეგო კომიტეტის“ ყოფილი იურისტი, აბუბაქარ იანგულბაევი, საკუთარი უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოდან გაემგზავრა, სადაც იგი დეკემბრიდან იმყოფებოდა. მანამდე იანგულბაევისა და მისი ოჯახის წევრების წინააღმდეგ პირდაპირ მუქარებს ჰქონდა ადგილი ჩეჩნეთის ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებისა და რუსეთის დუმის დეპუტატ ადამ დემილხანოვის მხრიდან.

როგორც იანგულბაევმა უთხრა კავკაზ.რეალიის, მას სანდო ადამიანებმა მიაწოდეს ინფორმაცია, თბილისის საზოგადოებრივ ადგილებში განხორციელებული თვალთვალის შესახებ.

„ამის თაობაზე მე მაცნობეს ადამიანებმა, უსაფრთხოების სფეროს წარმომადგენლებმა. თავად მე თვალთვალი არ შემინიშნავს, რადგან ის საკმაოდ პროფესიულად ხდებოდა. გადავწყვიტე, რომ არ მეცადა ბედი და დამეტოვებინა საქართველო. თვალთვალი ერთმნიშვნელოვნად უკავშირდება მაღალჩინოსნების - რამზან კადიროვის, ადამ დელიმხანოვისა და სამართალდამცველი ორგანოების ხელმძღვანელთა მუქარებს“, - განმარტა უფლებადამცველმა.

ამასთან, იანგულბაევმა თხოვნით მიმართა რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელ ალექსანდრ ბასტრიკინს, რათა შეამოწმოს ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვისა და სამართალდამცველი ორგანოების ხელმძღვანელების გამონათქვამები, რომლებიც შეიცავს სიკვდილის მუქარას, სისხლის აღების მოტივებით მკვლელობისკენ მოწოდებას და თესავს სიძულვილსა და მტრობას. შესაბამისი მიმართვის ტექსტი იანგულბაევის ტელეგრამის არხზეა გამოქვეყნებული.

რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატმა, ადამ დელიმხანოვმა ინსტაგრამის საშუალებით გამართა პირდაპირი ეთერი, რომელშიც ანგარიშსწორებით დაემუქრა იანგულბაევის ძმების ნათესავებს. მომდევნო დღეს დელიმხანოვის მიერ გამოთქმული მუქარები გაიმეორა ჩეჩნეთის პრომოსკოვური ხელისუფლების რამდენიმე მაღალჩინოსანმა.

ჩეჩენი სამართალდამცველები ყოფილი მოსამართლის, საიდ იანგულბაევის შვილებს ოპოზიციური ტელეგრამის არხის „1 ადათის“ შემქმნელებად და მოდერატორებად მიიჩნევენ. შუათანა, იბრაგიმი, დაუსწრებლად დააპატიმრეს ამ არხით გავრცელებული პუბლიკაციების გამო.

ხოლო ჩეჩნეთის ერთ-ერთი რაიონის პოლიციის უფროსმა, რუსტამ აგუევმა, მოუწოდა ევროპაში მცხოვრებ ჩეჩნებს, რომ იანგულბაევის ოჯახის წევრებს თავები დააჭრან და ჩეჩნეთში ჩაიტანონ.

20 იანვარს ჩეჩნეთის სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენლები რუსეთის ქალაქ ნიჟნი ნოვგოროდში მდებარე იანგულბაევების ბინაში შეიჭრნენ. მათ თან ჰქონდათ დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებდა ზარემა და საიდ იანგულბაევების ჩეჩნეთის სასამართლოში მოწმეების სტატუსით დაკითხვაზე მიყვანის უფლებას. ვინაიდან მოსამართლის სტატუსის გამო საიდ იანგულბაევი ხელშეუხებლობის სტატუსით სარგებლობს, ჩეჩენმა სამართალდამცველებმა დაკითხვაზე მხოლოდ ზარემა მუსაევა წაიყვანეს. ამასთან, სოციალური მედიის ცნობით, პოლიციელებმა ცოლ-ქმრის გარდა, სცემეს ყველას, ვინც ბინაში იმყოფებოდა. მოგვიანებით ტელეგრამის არხით გავრცელდა ვიდეო, რომელზეც მუსაევა ჩეჩნეთის უფლებადამცველთან საუბარში ამტკიცებს, რომ პოლიციას არ გამოუყენებია მის წინააღმდეგ ძალა და მას დიაბეტის წამალიც კი უყიდეს.

XS
SM
MD
LG