Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარიგება ბოროტებასთან - ბაჩანა შენგელია ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარედ გახარიას თანაგუნდელის შესაძლო არჩევაზე


ოპოზიციის მხარდამჭერი, ზუგდიდის ერთ-ერთი სკოლის გარდაცვლილი დირექტორის, ია კერზაიას შვილი, ბაჩანა შენგელია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ მოუწოდებს, მხარი არ დაუჭიროს ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ექსპრემიერის, გიორგი გახარიას, პარტიის წარმომადგენელს. მას მიაჩნია, რომ ოპოზიციური პარტიისთვის „ამორალურია“ ითანამშრომლოს იმ გუნდთან, რომლის ლიდერის პრემიერ-მინისტრობის პერიოდში არაერთი დანაშაული მოხდა. მათ შორის ის ასახელებს 2018 წელს მისი დედის, ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორ ია კერზაიას გარდაცვალებას, რაც ბაჩანა შენგელიას განცხადებით, გიორგი გახარიას დავალებით განხორციელებული ზეწოლის შედეგია.

შენგელია თვლის, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის პარტია „საქართველოსთვის“ არ არის რეალური ოპოზიცია და მმართველი გუნდის სასარგებლოდ მოქმედებს.

რადიო თავისუფლებასთან საუბარში ბაჩანა შენგელია იმასაც ამბობს, რომ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა“ და პარტია „საქართველოსთვის“ შორის შეთანხმება, რომ ოპოზიციამ თავმჯდომარის პოზიციაზე მხარი დაუჭიროს გახარიას თანაგუნდელს, პრაქტიკულად მიღწეულია. ბაჩანა შენგელიას თქმით, ეს არის გარიგება ბოროტებასთან და ამით ენმ-ი მხარდამჭერებს დაკარგავს:

ისეთი შეთანხმება ზუგდიდში, იქ, სადაც ადამიანის გარდაცვალება მოჰყვა გახარიას დავალებას, მის ბრძანებას, ადამიანის, რომელმაც სამეგრელოს პრაქტიკულად წაართვა განვითარების საშუალება ანაკლიის სახით და ასეთი უამრავი სხვა დანაშაულის მთავარი მონაწილეა, აღმსრულებელია... კიდევ 20 ივნისის და სხვა... არ შეიძლება ამ ადგილზე მას ჰქონდეს სადავეები და მისი პარტიიდან იყოს საკრებულოს თავმჯდომარე. არ შეიძლება ბოროტებასთან გარიგება იმიტომ, რომ დაამარცხო მეორე ბოროტება, იმიტომ, რომ ის ბოროტებაც შემდეგ, თავის მხრივ, მოითხოვს თავის მსხვერპლს. ანუ ჟარგონით რომ ვთქვა, ვთვლი, რომ ყველა ხერხით ყველაფერი არ მოსულა და ასეთი სიბინძურის ხარჯზე არც საკრებულოს უმრავლესობა არ მოსულა“, - განაცხადა ბაჩანა შენგელიამ.

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი ია კერზაია 2018 წლის 9 დეკემბერს ინსულტით გარდაიცვალა. მისი შვილი ბაჩანა შენგელია გარდაცვალების მიზეზად ასახელებს ჯანმრთელობის გაუარესებას სკოლაში დაწყებული შემოწმების გამო. ბაჩანა შენგელიას განცხადებით, განათლების სამინისტროს მხრიდან ინსპექტირების რეალური მიზეზი იყო ია კერზაიას უარი, საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის სასარგებლოდ მუშაობაზე.

საქართველოს პროკურატურა 2019 წლის თებერვლიდან იძიებდა ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში 2018 წლის ნოემბერში ჩატარებული ინსპექტირებისას სავარაუდო კანონდარღვევის ფაქტებს. 23 აგვისტოს კი პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, დანაშაულის ნიშნების არარსებობის საფუძველზე, ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის ინსპექტირებასთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება შეწყდა.

შენგელია თვლის, რომ არ შეიძლება, საკრებულოში არსებული კრიზისიდან გამოსავლის მიზეზით, გახარიას გუნდთან გარიგება და ენმ-ს, ზუგდიდის შემთხვევაში, საკრებულოს ვადამდელი არჩევნების გზით ურჩევს ბრძოლის გაგრძელებას. ამ მოსაზრებას არ იზიარებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, პარლამენტარი ანა წითლიძე.

თუ ვერ მოხდება შეთანხმება, ეს ნიშნავს ვადამდელ შუალედურ არჩევნებს. არჩევნები როგორ ტარდება ამ ქვეყანაში, გვაქვს ნანახი. ამას გარდა, ვერშეთანხმება ნიშნავს იმას, რომ ზუგდიდელებმა რომ მოგვცა მანდატი ოპოზიციას, რომელიც გვეუბნება, რომ არ მაინტერესებს მე თქვენი ღირებულებითი სხვაობა, მაინტერესებს ოპოზიცია, რომელსაც მივეცი ხმა, რომელიც არის საკრებულოს უმრავლესობაში და რომელიც უნდა მიგვარებდეს მუნიციპალურ პრობლემებს, აი, ამას საერთოდ ვკარგავთ მაშინ. ამიტომ, მთავარი ამოსავალი არის ეს [საკრებულოს თავმჯდომარედ გახარიას გუნდის წევრის არჩევა]“, - განუცხადა ანა წითლიძემ რადიო თავისუფლებას.

მან დაადასტურა, რომ ექსპრემიერის პარტიასთან მოლაპარაკება მიმდინარეობს და ისიც, რომ ენმ-ში აზრთა სხვადასხვაობაა საკითხზე, უნდა აირჩიონ თუ არა გახარიას თანაგუნდელი საკრებულოს თავმჯდომარედ. მიუხედავად ამისა, ანა წითლიძე დარწმუნებულია, რომ საბოლოოდ გუნდი მიიღებს ერთიან გადაწყვეტილებას.

ჩვენსა და გახარიას პარტიას შორის ძალიან დიდი ღირებულებითი სხვაობაა. აქ არ არის საუბარი კოალიციაზე და არც გრძელვადიან თანამშრომლობაზე. ეს არის წმინდა ტექნიკური საკითხი იმიტომ, რომ მოსწონს ეს ვინმეს თუ არ მოსწონს, მომწონს მე თუ არ მომწონს, 3 ათასმა ზუგდიდელმა ხმა მისცა გახარიას და მას აქვს 3 მანდატი ზუგდიდის საკრებულოში. შესაბამისად, მოცემულობა არის ასეთი, რომ ან უნდა იყოს „ქართული ოცნებიდან“ თავმჯდომარე, ან უნდა იყოს ოპოზიციიდან. აქ მნიშვნელოვანია ვნახოთ, როგორია ზუგდიდელების განწყობა, რაც არჩევნებზე გამოიხატა. მათ უნდათ საკრებულო იყოს ოპოზიციური...საკრებულო როცა იქნება ოპოზიციური, ეს ნიშნავს „ქართული ოცნების“ დასასრულის დასაწყისს და ეს დასასრული მოიტანს, მათ შორის, ია კერზაიას საქმეზე სამართლიან და ობიექტურ გამოძიებას“, - განაცხადა ანა წითლიძემ.

ზუგდიდის საკრებულოში ფრაქცია „ზუგდიდი საქართველოსთვის" თავმჯდომარის, გიგა ფარულავას განცხადებით, მას არ აქვს ინფორმაცია ენმ-სა და პარტია „საქართველოსთვის“ შორის რაიმე ტიპის მოლაპარაკებების მიმდინარეობის შესახებ. მისი სიტყვებით, „საქართველოსთვის“ მომდევნო სხდომაზეც გეგმავს კანდიდატი წარადგინოს საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციაზე და პარტიები თავად გადაწყვეტენ, დაუჭერენ თუ არა მას მხარს.

ჩვენ წინა სხდომებზე მზად ვიყავით დაგვეყენებინა ჩვენი კანდიდატურა, რომ ამ კრიზისიდან გამოვსულიყავით. ბუნებრივია, ახლაც დავაყენებთ, ვნახოთ რა იქნება. დაველოდოთ პროცესებს. ჩვენი მთავარი მიზანია მუნიციპალიტეტი გამოვიდეს კრიზისიდან. როგორც „ნაციონალურ მოძრაობას“, ასევე „ქართულ ოცნებასაც“ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ მხარი დაგვიჭირონ ან სხვა უკეთესი ალტერნატივა შემოგვთავაზონ იმისთვის, რომ კრიზისიდან გამოვიდეთ“, - განაცხადა გიგა ფარულავავ. სწორედ მისი კანდიდატურა დაასახელა პარტიამ „საქართველოსთვის“ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციაზე. გიგა ფარულავა ზუგდიდის ყოფილი ვიცემერია. მან თანამდებობა 2021 წლის მარტში დატოვა და გიორგი გახარიას გუნდს შეუერთდა.

ყოფილი თანაგუნდელის კანდიდატურის მხარდაჭერას არ გეგმავს ზუგდიდის საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი გოგოხია. ამის შესახებ მან რადიო თავისუფლებასთან საუბარში განაცხადა. გოგოხიას სიტყვებითვე, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ მხარს დაუჭერს გახარიას გუნდის წევრს, ოფიციალურად დადასტურდება მათი თანამშრომლობა:

ზუგდიდშიც თუ ის მოხდება, რაც მოხდა რუსთავში, ჩხოროწყუსა და წალენჯიხაში, მაშინ ეს იქნება მათი თანამშრომლობის დადასტურება. ჩვენ ვიქნებით ოპოზიციაში და გავაგრძელებთ მუშაობას საკრებულოში“, - განაცხადა ირაკლი გოგოხიამ. მისივე თქმით, ჯერ არ ჩამოყალიბებულან, წარადგენს თუ არა „ქართული ოცნება“ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციაზე კანდიდატს.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა მიმდინარე კვირაში უნდა გაიმართოს. მანამდე დეპუტატები დარბაზში 5-ჯერ შეიკრიბნენ, თუმცა ვერ მოახერხეს საკრებულოს თავმჯდომარის და მისი მოადგილეების არჩევა. სხდომების ჩაშლის მიზეზი კვორუმის არქონა იყო.

3 დეკემბრიდან საქართველოს 64 მუნიციპალიტეტში უფლებამოსილების შესრულებას შეუდგნენ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად არჩეული საკრებულოები. ზუგდიდის ახალი მოწვევის საკრებულო ქვეყნის მასშტაბით იმ შვიდ საკრებულოს შორისაა, რომლებშიც მმართველ პარტიას უმრავლესობა არ აქვს.

ზუგდიდის საკრებულოში 22 მანდატით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა“ წარმოდგენილი, 20-ით - „ქართული ოცნება“, ხოლო 3-ით - „გახარია - საქართველოსთვის“.

2021 წლის ოქტომბრის 2-ტურიანი ადგილობრივი არჩევნების შედეგად, მმართველმა პარტიამ, "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო", ერთპარტიული უმრავლესობა დაკარგა შვიდ - წალენჯიხის, ზუგდიდის, მარტვილის, ჩხოროწყუს, სენაკის, რუსთავის და ბათუმის საკრებულოებში, სადაც ყველაზე მეტი წევრი "ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალურ მოძრაობას" ჰყავთ, გადამწყვეტ ხმებს კი ფლობს ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტია "საქართველოსთვის".

ოპოზიცია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს, რასაც "ქართულ ოცნებაში" უარყოფენ.

საერთო ჯამში, ქვეყნის საკრებულოებში მანდატები მოიპოვა ათამდე პარტიამ. მერის არჩევნებში 64-დან მხოლოდ წალენჯიხის მუნიციპალიტეტში გაიმარჯვა "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა, დანარჩენ 63 მუნიციპალიტეტში კი, "ქართული ოცნების" - კანდიდატებმა. პირველივე ტურში, 2 ოქტომბერს არჩეული მერები უფლებამოსილების შესრულებას ოქტომბრის ბოლოს შეუდგნენ, ხოლო 20 მუნიციპალიტეტში 30 ოქტომბერს ჩატარებულ მეორე ტურში გამარჯვებულები - ნოემბრის შუა რიცხვებიდან.

XS
SM
MD
LG