საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა პარლამენტის ოთხი დეპუტატისთვის მანდატების შეჩერებას. ამ საკითხს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უყრიან კენჭს.
ამ ოთხი დეპუტატიდან ერთი "ქართული ოცნების" წევრი და პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე კახა კუჭავაა. მან თავმჯდომარისა და დეპუტატის თანამდებობაზე უარი ერთდროულად თქვა.
დანარჩენი სამი ოპოზიციის წარმომადგენელია.
"ლელოს" ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის საკითხის განხილვა პარლამენტში მას შემდეგ დაიწყო, რაც მის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში გამამტყუნებელი განაჩენი დადგა. თბილისის საქალაქო სასამართლომ "თიბისი ბანკის" დამფუძნებლები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დამნაშავედ ცნო ჯგუფურ თაღლითობაში, თუმცა, სასჯელის მოხდისგან გაათავისუფლა.
"ნორმალურ ვითარებაში რომ ავიღოთ და ნორმალურად დაწყებულიყო საქმე, ბადრი ჯაფარიძე არ არის დამნაშავე. სისხლის სამართლის საქმე დაიწყო სწორედ იმიტომ, რომ "თაღლითობით" ვერ დაიწყებოდა. შესაბამისად, გასული იყო ხანდაზმულობის ვადა და არ იყო დამნაშავე... ეს სხვა შემთხვევაა, აქ არ არსებობს საფუძველი, რომ პარლამენტმა მას შეუწყვიტოს უფლებამოსილება, რადგან ბადრი ჯაფარიძე არ არის დამნაშავე", - თქვა კომიტეტის სხდომაზე პარლამენტის დამოუკიდებელმა წევრმა, თამარ კორძაიამ.
ოპოზიციონერ დეპუტატებს შორის "დროას" თავმჯდომარე ელენე ხოშტარია და "ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი არცერთ სხდომას არ დასწრებიან - პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, ასეთ შემთხვევაში დეპუტატს უფლებამოსილება შეიძლება შეუწყდეს. მათგან ნათელაშვილი მზად არის დაიწყოს საპარლამენტო საქმიანობა, ხოშტარიას კი აზრი არ შეუცვლია.
ოპოზიციონერი დეპუტატები ამბობდნენ, რომ ნათელაშვილი ბოიკოტის რეჟიმში იყო და მისი და ხოშტარიას შემთხვევა ერთმანეთისგან განსხვავებულია. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი კახიანმა კომიტეტის სხდომაზე თქვა, რომ მათ უნდა მიიღონ ერთგვაროვანი გადაწყვეტილებები და მანდატების შეწყვეტას დაეთანხმონ - პოლიტიკური გადაწყვეტილება კი პარლამენტარებმა პლენარულ სხდომაზე მიიღონ.
დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას ხმათა უმრავლესობა სჭირდება. დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს საკონსტიტუციო სასამართლოში.