პეკინში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე ფიგურულ ციგურაობაში, გუნდური შეჯიბრების მოკლე პროგრამა ქალებმა დაასრულეს და გაირკვა შეჯიბრებაში მონაწილე ათი ნაკრებიდან ის ხუთეული, რომელიც ფინალში გააგრძელებს მედლისთვის ბრძოლას. საქართველოს ნაკრებს ფინალამდე ერთადერთი ქულა დააკლდა.
სამი დისციპლინის შემდეგ, საქართველოს ანგარიშზე თხუთმეტი ქულა და მეშვიდე პოზიცია იყო. ფინალურ ხუთეულში მოსახვედრად, ქართველი მოციგურავეების უმთავრეს კონკურენტებად თექვსმეტქულიანი კანადა და თვრამეტქულიანი იტალია მიიჩნეოდნენ. ოცდაერთი ქულა ჰქონდა ჩინეთს.
ქალთა ოლიმპიურ კონკურენციაში საქართველოს სახელით ანასტასია გუბანოვა ჩაება და 67,56 ქულით მეოთხე ადგილი დაიკავა, რითაც საერთო გუნდური მონაგარი ოცდაორ ქულამდე გაზარდა. იტალიის ნაკრები გადამწყვეტი დისციპლინის შემდეგ მხოლოდ ოც ქულამდე ავიდა, რადგან ლარა ნაკი გუტმანმა მეცხრე შედეგი აჩვენა.
კანადელთაგან ქალთა შეჯიბრებაში მადელინ სკიზა ჩაება. თუ ის გუბანოვას აჯობებდა, კანადა ფინალს ინაღდებდა. სკიზამ ამოცანა წარმატებით შეასრულა - 69,60 ქულით ქალთა სამეულში შევიდა. გუნდურ ჩათვლაში კი კანადა სულაც მეოთხე ადგილამდე დაწინაურდა.
საქართველოს ნაკრებისთვის დღევანდელი დღის მთავარი სიურპრიზი ჩინელი ი ჟუს სრიალი იყო. მან ბოლო - მეათე ადგილი დაიკავა და თავის ნაკრებს ერთადერთი ქულა შემატა. შედეგად, მოკლე პროგრამის შემდეგ, მეხუთე-მეექვსე ადგილები საქართველომ და ჩინეთმა დაიკავეს, ოცდაორ-ოცდაორი ქულით და ფინალისტის გამოსავლენად საჭირო გახდა დამატებითი მაჩვენებლების გადახედვა.
ორგანიზატორებმა ორივე ნაკრების ორ-ორი საუკეთესო შედეგი შეაჯამეს. ჩინეთს საერთო მონაგრიდან თექვსმეტი (10+6) ქულა წყვილებსა და ცეკვებში ჰქონდა მოპოვებული. საქართველომ კი მამაკაცებსა და ქალებში აიღო ყველაზე მეტი - შვიდ-შვიდი ქულა. შედეგად, ფინალის საგზური ოლიმპიადის მასპინძლებს ერგოთ. ფიგურული ციგურაობის გუნდური შეჯიბრების დებიუტანტმა ქართულმა გუნდმა კი პეკინი-2022 მეექვსე ადგილით დაასრულა.