Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანს საქართველოსგან განჯის ჭიშკრის დაბრუნება სურს


აზერბაიჯანის კულტურის მინისტრმა ანარ კარიმოვმა ადგილობრივ მედიასთან ილაპარაკა საქართველოსთან მიმდინარე მოლაპარაკებებზე განჯის ჭიშკრის დაბრუნების შესახებ.

"განჯის ჭიშკრის ბედზე საქართველოს ოფიციალურ სტრუქტურებთან ჩვენ ვიმსჯელეთ იქ ჩემი ბოლო ვიზიტისას. გვინდა განჯის ჭიშკარი აზერბაიჯანს ოფიციალური მოლაპარაკებების გზით დაუბრუნდეს. მოლაპარაკებების პროცესი მარტივი არ არის. როგორც იცით, არსებობს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებებისთვის სამთავრობო კომისიები და ეს საკითხი აზერბაიჯანულ კომისიას შეტანილი აქვს დღის წესრიგში განსახილველ საკითხად. ჩვენი მიზანია, განჯის ჭიშკარი აზერბაიჯანს დაუბრუნდეს", - ეს განცხადება აზერბაიჯანის კულტურის მინისტრმა 3 თებერვალს განჯაში გააკეთა.

ანარ კარიმოვი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით 2021 წლის ივლისში იმყოფებოდა. ამ ვიზიტისას ის შეხვდა პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა და კულტურის მინისტრებს. ქართული მხარის მიერ ამ ვიზიტის შემდეგ გაკეთებულ ოფიციალურ განცხადებებში, განჯის ჭიშკრის საკითხი ნახსენები არ ყოფილა. თავად აზერბაიჯანის კულტურის მინისტრმა დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ Twitter-ზე დაწერა, რომ ჰქონდა მსჯელობა "მრავალმხრივ კულტურულ თანამშრომლობაზე". ასევე, ტვიტში ნათქვამი იყო, რომ იგი მინისტრს ესაუბრა ბაქოს ძალისხმევაზე აღადგინოს მთიანი ყარაბაღის კულტურული მემკვიდრეობა.

აზერბაიჯანის კულტურის მინისტრის განცხადებასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში იმ არგუმენტით, რომ ეს კულტურის სამინისტროს კომპეტენციაა. კულტურის სამინისტროში კი გვითხრეს, რომ უწყება უცხო ქვეყნებთან მოლაპარაკებებს არ აწარმოებს და ამ თემის შესახებ ინფორმირებული არ არიან.

განჯის ჭიშკრის ფრაგმენტი გელათის მონასტერში ინახება. ისტორიული ცნობების მიხედვით, ის მეთორმეტე საუკუნეში მეფე დემეტრე I-მა ჩამოხსნა განჯაში ლაშქრობისა და ქალაქის აღების შემდეგ და როგორც სამხედრო ნადავლი, გელათის მონასტერს შესწირა.

განჯის ჭიშკრის აზერბაიჯანისათვის დაბრუნების შესაძლებლობაზე აზერბაიჯანული და ქართული მედია 2012 წელსაც წერდა. მაშინ აზერბაიჯანელი მეცნიერები განიხილავდნენ შესაძლებლობას, განჯის ჭიშკრის სანაცვლოდ, აზერბაიჯანს დაეთმო დავით გარეჯის ის ნაწილი, რომელიც სამონასტრო კომპლექსის ორგანული ნაწილია, მაგრამ საქართველოსა და აზერბაიჯანის გასაბჭოების შემდეგ დადგენილი საზღვრებით აზერბაიჯანის მხარეს რჩება.

XS
SM
MD
LG