რუსეთის სამხედრო უწყებამ 11 დეკემბერს დაადასტურა როსტოვის ოლქის ქალაქ ტაგანროგზე უკრაინის მიერ განხორციელებული იერიშის ფაქტი და დააზუსტა, რომ უკრაინამ სამხედრო აეროდრომს ესროლა ექვსი ამერიკული ბალისტიკური რაკეტა ATACMS-ი.
მაგრამ რუსეთის სამხედრო უწყება ამტკიცებს, რომ ATACMS-ის ორი რაკეტა რუსეთის საზენიტო-სარაკეტო კომპლექს "პანცირის" საბრძოლო გათვლამ ჩამოაგდო, დანარჩენები კი ჩამოყარეს რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით.
რუსეთის სამხედრო უწყების ცნობით, რაკეტების ფრაგმენტების დაცემის შედეგად დაზარალდა აეროდრომის პერსონალი და დაზიანდა რამდენიმე შენობა, სამხედრო და სამოქალაქო ავტოტრანსპორტი. "ეს იერიში უპასუხოდ არ დარჩება", - აცხადებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო.
აზოვის ზღვის ნაპირზე მდებარე ტაგანროგი არის როსტოვის ოლქის სამრეწველო ცენტრი, სადაც განთავსებულია საავტომობილო, მეტალურგიული, ავიამშენებელი და ელექტროთერმული მოწყობილობების მწარმოებელი ქარხნები.
უკრაინას რუსეთის რეგიონებზე დღევანდელი შეტევის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.
უკრაინის თავდაცვის ძალებს რუსეთის ტერიტორიაზე სამიზნედ აქვთ გამოცხადებული სამხედრო ობიექტები და საწარმოები, რომლებიც რუსული არმიის მომარაგებაზე მუშაობენ.
ფორუმი