რუსეთმა ბელარუსის ტერიტორიაზე დაიწყო ორეტაპიანი სამხედრო მანევრები, რასაც ოფიციალურად უწოდებს „სამოკავშირეო სახელმწიფოს რეაგირების ძალთა შემოწმებას“. თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს განცხადებით, რუსეთის აღმოსავლეთის სამხედრო ოლქის ძალები, მათ შორის საავიაციო და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ქვედანაყოფები, გადასროლილია 10 ათასი კილომეტრის მანძილზე.
შოიგუს თანახმად, პირველ ეტაპზე, 9 თებერვლამდე მოხდება ბელარუსის ტერიტორიაზე დაჯგუფებების შექმნა და მნიშვნელოვანი სახელმწიფო და სამხედრო ობიექტების და საჰაერო საზღვრების დაცვის ორგანიზება და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ობიექტების მზადყოფნის და შესაძლებლობების შემოწმება. რუსეთის თავდაცვის მინისტრის ინფორმაციით, მეორე ეტაპზე, 10-20 თებერვალს, ბელარუსის ხუთ პოლიგონზე ჩატარდება ერთობლივი სწავლება „სამოკავშირეო სიმტკიცე 2022“, რომლის ფარგლებში დამუშავდება გარედან აგრესიის აღკვეთის და მოგერიების, სამოკავშირეო სახელმწიფოს ინტერესების დაცვის და ტერორიზმისთვის წინააღმდეგობის გაწევის საკითხები.
შოიგუს განცხადებით, „სამოკავშირეო სახელმწიფოს რეაგირების ძალთა შემოწმება“ რუსეთის და ბელარუსის პრეზიდენტების გადაწყვეტილებით მიმდინარეობს და მიუხედავად იმისა, რომ მანევრებში მონაწილე სამხედროების და შეიარაღების რაოდენობა არ აღემატება „ვენის დოკუმენტით“ დადგენილ პარამეტრებს და რუსეთს და ბელარუსს არ ჰქონდათ უცხოელი პარტნიორების ინფორმირების ვალდებულება, რუსეთმა ეს გააკეთა „ნებაყოფლობითი გამჭვირვალობის ფარგლებში“. შოიგუს არ დაუსახელებია მანევრებში მონაწილე სამხედროების და შეიარაღების ზუსტი რიცხვი.
ბელარუსის ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო მანევრებს საფრთხის შემცველად აფასებენ დასავლეთის სახელმწიფოები და ნატო, რომლებიც არ გამორიცხავენ, რომ რუსეთმა ბელარუსში განთავსებული სამხედრო ძალები შესაძლოა უკრაინაზე თავდასხმისთვის გამოიყენოს.
რუსეთმა, სამხედრო სწავლებების საბაბით, უკრაინის საზღვრებთან და ანექსირებულ ყირიმში 100 000-ზე მეტი სამხედროს განთავსების ფონზე, აშშ-ისა და ნატოსგან 2021 წლის დეკემბერში მოითხოვა უსაფრთხოების გარანტიები. კრემლის უმთავრესი მოთხოვნაა შეწყდეს აღმოსავლეთით ნატოს გაძლიერება და ალიანსში არ მიიღონ უკრაინა და საქართველო. აშშ-ის და ნატოს მიერ რუსეთისთვის 26 იანვარს გაგზავნილი წერილობითი პასუხები ოფიციალურად არ გამოქვეყნებულა, თუმცა, ცნობილია, რომ მათ უარი თქვეს ნატოს "ღია კარის" პოლიტიკის შეწყვეტაზე. დასავლეთი რუსეთს სთავაზობს თანამშრომლობას უსაფრთხოების სხვა, მათ შორის შეიარაღებაზე კონტროლის საკითხებში, რასაც რუსეთი მისთვის მეორეხარისხოვანს უწოდებს.