ფრაქციის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“, წევრის ანი წითლიძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ პრორუსული ხელისუფლებაა და ამის გათვალისწინებით არ ახსენეს მათ უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტში რუსეთი. ანი წითლიძემ ამის შესახებ პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე ისაუბრა:
„თქვენ წარმოადგენთ პრორუსულ ძალას და 2012 წლიდან დღემდე მიზანმიმართულად ანგრევთ სახელმწიფო სტრუქტურებს და აზიანებთ ქვეყნის ევროატლანტიკურ კურსს, ძალიან ბევრ ნათელ მაგალითთან ერთად, ერთ-ერთი ნათელი მაგალითი და დადასტურებაა უკრაინის შესახებ ის რეზოლუცია, რომელიც თქვენ ახლა უნდა მიიღოთ რუსეთის ხსენების გარეშე. ჩვენ და პირადად მე, არ შემოვსულვართ ამ პარლამენტში იმისთვის, რომ თქვენთან პოლემიკა გავმართოთ. თქვენთან დაკავშირებით ისედაც ყველაფერი გასაგებია, რას წარმოადგენთ, მათ შორის, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვისაც. ჩემი მთავარი მიზანია, ყოველ დღე, კომიტეტის, ფრაქციის დონეზე, შეგახსენოთ ის ზიანი, რომელიც თქვენ მიაყენეთ ჩემს რეგიონს, სამეგრელოს და ყველა ის პრობლემა, რომელიც თქვენ ათი წლის განმავლობაში არა თუ გადაჭერით, არამედ კიდევ მეტი შექმენით“, - განაცხადა ანი წითლიძემ.
"ქართული ოცნების“ დეპუტატმა ბექა დავითულიანმა სიტყვით გამოსვლისას ოპოზიციის წარმომადგენლებს მიმართა და თქვა, რომ "ურაპატრიოტული გამოხტომებით მიზანს რომ ვერ ვაღწევთ და წალენჯიხის რეზოლუციებით, რომ გეოპოლიტიკას მსოფლიოში ვერ შევცვლით მგონი, მინიმუმ ეგ უნდა გავიაზროთ“.
დღეს, 1 თებერვალს საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა არ გაითვალისწინა საპარლამენტო ოპოზიციის დიდი ნაწილის სურვილი, უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტში ნახსენები ყოფილიყო რუსეთის ფედერაცია, როგორც აგრესორი. კომიტეტის სხდომაზე, რომელიც ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა, "ქართული ოცნების" წარდგენილი პროექტი მიიღეს.
უკრაინის მხარდასაჭერად საქართველოს პარლამენტის უმრავლესობამ შეიმუშავა რეზოლუციის პროექტი, რომელშიც რუსეთი არ არის ნახსენები. "ქართული ოცნების" ფრაქციის თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, რეზოლუციის ტექსტი, რომელიც პარლამენტმა უნდა მიიღოს, "დაცლილია ყოველგვარი პოპულისტური თუ პროვოკაციული რიტორიკისგან".
2021 წლის მეორე ნახევრიდან რუსეთმა, სამხედრო სწავლებების საბაბით, უკრაინის საზღვრებთან და ანექსირებულ ყირიმში განათავსა 100 ათასზე მეტი სამხედრო. უკრაინის ხელისუფლებამ და დასავლეთის სახელმწიფოებმა რუსეთის ეს ქმედება შეაფასეს უკრაინაში ახალი შეჭრისთვის მზადებად. კრემლი ამას უარყოფს, თუმცა აშშ-ისა და ნატოსგან მოითხოვს უსაფრთხოების გარანტიებს.
რუსეთის მთავარი მოთხოვნაა, შეწყდეს აღმოსავლეთით ნატოს შემდგომი გაფართოება და ალიანსში არ მიიღონ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები, კერძოდ, უკრაინა და საქართველო. რუსეთის ამ და სხვა მოთხოვნებს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ნატომ წერილობით უპასუხეს 26 იანვარს. დოკუმენტები საჯაროდ არ გამოქვეყნებულა, თუმცა, ცნობილია, რომ უარი ეთქვა ალიანსის გაფართოების შეწყვეტის მოთხოვნას.
ამ ვითარებაში ამერიკამ და ნატოს წევრმა სხვა ქვეყნებმა უკვე აღმოუჩინეს დახმარება უკრაინას. ნატოს წევრი ქვეყნები უკრაინას აწვდიან იარაღს, საბრძოლო მასალებს.