Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევში აშშ-ის ელჩად, სავარაუდოდ, ინიშნება დიპლომატი, რომლის საქართველოში ელჩად დანიშვნა 2018 წელს განიხილებოდა


ბრიჯიტ ბრინკი, აშშ-ის ელჩი სლოვაკეთში
ბრიჯიტ ბრინკი, აშშ-ის ელჩი სლოვაკეთში

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინაში ელჩის თანამდებობაზე შეარჩია ბრიჯიტ ბრინკის კანდიდატურა, თუმცა, ოფიციალურად მის დასახელებამდე აშშ ელოდება უკრაინის მთავრობის თანხმობას. ამის შესახებ ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყებიან CNN-ი და Bloomberg-ი.

პრეზიდენტ ზელენსკისთან დაახლოებულმა წყარომ CNN-ს უთხრა, რომ უკრაინის მთავრობა ბრინკის კანდიდატურის სტანდარტულ შემოწმებას ახორციელებს და ამ პროცესში არანაირი შეფერხება არ ყოფილა, რადგან კიევს ბრინკის კანდიდატურა დაახლოებით ერთი კვირის წინ შესთავაზეს.

განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს CBS-ი, რომელიც წერს, რომ ბრიჯიტ ბრინკის კანდიდატურის შესახებ უკვე თვეებია ცნობილია და გაურკვეველია, რამ გამოიწვია პროცესის შეფერხება. ამასთან, CBS-ს ორმა უკრაინულმა წყარომ უთხრა, რომ კიევი ბრინკის კანდიდატურას უკვე დათანხმდა. ამერიკელი დიპლომატი ბრიჯიტ ბრინკი ამჟამად შეერთებული შტატების ელჩია სლოვაკეთში.

აშშ-ს უკრაინაში ელჩი არ ჰყავს 2019 წლიდან, როცა მაშინდელმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კიევიდან გაიწვია ელჩი მარი იოვანოვიჩი. თავად დიპლომატი მის გაწვევას უკავშირებდა უკრაინისადმი ტრამპის პოლიტიკის კრიტიკას. ამ დრომდე აშშ-ს კიევში ჰყავს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი.

2018 წელს, ამერიკული გამოცემა „ფორინ პოლისი“ წერდა, რომ აშშ საქართველოში ელჩად ბრიჯიტ ბრინკის დანიშვნას გეგმავდა, თუმცა, მთავრობამ მისი კანდიდატურა დაბლოკა, რადგან ბრინკს მიიჩნევდა ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ კეთილგანწყობილად. ხელისუფლებაში "ქართული ოცნების" მოსვლამდე, ბრიჯიტ ბრინკი ორი წლის განმავლობაში მუშაობდა საქართველოში აშშ-ის ელჩის მოადგილედ.

XS
SM
MD
LG