ორხევის დასახლებაში პოლიცია და მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლები არიან მობილიზებული და სახლებს ანგრევენ, რომლებიც, მათი განმარტებით, უკანონოდ არის ნაშენი. ამ ნაგებობების პატრონები ამტკიცებენ, რომ სხვაგან ღამის გასათევი არ აქვთ და ცდილობენ წინააღმდეგობა გაუწიონ ნგრევის პროცესს.
28 იანვარს, დილიდან დღის 1 საათამდე დანგრეულია 7 სახლი, მათი ნაწილი დასრულებული არ ყოფილა.
კახა ილურიძე, ერთ-ერთი მათგანია, ვისი სახლიც დღეს დაინგრა. ის რადიო თავისუფლებას უყვება, რომ აქ სტიქიის შემდეგ მივიდა სახლის ასაშენებლად, როცა მიხვდა, რომ სახელმწიფოსგან კომპენსაციად მიღებული თანხა ცენტრალურ უბნებში ახალი სახლის საყიდლად არ ეყოფოდა.
"ხელს არ ვაწერდი, იმდენად მიზერული თანხა იყო, რასაც კომპენსაციად გვაძლევდნენ. ჩადე ბანკში, ნახე ნაკვეთი და მერე ჩვენ მოგეხმარებითო და მომაწერინეს ხელი", - ამბობს კახა ილურიძე.
"არავის მიეცემა შესაძლებლობა, სახელმწიფო მიწები დაიტაცოს და უკანონო მშენებლობა აწარმოოს", - ეს თბილისის მერის, კახა კალაძის დღევანდელი კომენტარია უკანონოდ აშენებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟის შესახებ.
თბილისის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ამ კონკრეტულ ადგილას მოკვლევა მუნიციპალურმა ინსპექციამ ორი თვის წინ დაიწყო და 16 უკანონო ნაგებობა აღმოაჩინა.
„სახელმწიფო ტერიტორიაზე უკანონო მშენებლობების ფაქტებზე ჩვენი მხრიდან ყოველთვის იქნება რეაგირება. ვერ ნახავთ ვერცერთ ჩემს განცხადებას, სადაც მე ვამბობ, რომ უკანონო ნაგებობებს ვინმეს დავუკანონებდით. ჩვენ ვიკვლევთ, ვინ არიან ეს ადამიანები და აღმოჩნდება, რომ ისინი ფლობენ ბინებს დედაქალაქში, მიწის ნაკვეთებს რეგიონებში. რაც შეეხება უსახლკაროებს, ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს სპეციალური პროგრამა და ყველა ასეთი სტატუსის მქონე ადამიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდება“, - განაცხადა კახა კალაძემ დღეს მედიასთან.
"ევროპული საქართველოს" წევრი ბესიკ დონაძე თვლის, რომ ორმაგი სტანდარტია სოციალურად დაუცველებისთვის სახლების დანგრევა მაშინ, როცა ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირებს ყველაფრის უფლება აქვთ.
„დღევანდელი მოქმედებით კახა კალაძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ იგი არის კორუმპირებული მერი, რადგან დღეს მან სოციალურად დაუცველებს, უსახლკარო ადამიანებს დაუნგრია სახლები, ვითომ და მისი განმარტებით უკანონოდ აშენებული, ამ დროს მისი გუნდის წევრს, ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილეს რვასართულიანი სახლი უკანონოდ ააშენებინა ვარკეთილის ტერიტორიაზე. ეს არის ორმაგი სტანდარტი ანუ კალაძესთვის დასაშვებია, რომ მის გარემოცვას, მისი გუნდის წევრებს ჰქონდეთ ყველაფერი, ხოლო სოციალურად დაუცველებსა და იმ ადამიანებს, რომელთაც სახლი არ აქვთ, არ უნდა ჰქონდეთ არაფერი“, - განაცხადა დონაძემ მედიასთან.
მუნიციპალური ინსპექცია ქალაქის სხვადასხვა ადგილას, ძირითადად გარეუბნებში პერიოდულად ანგრევს უკანონო ნაგებობებს. ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ნგრევა 2020 წლის დეკემბერში, აფრიკის დასახლებაში განხორციელდა.