აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის თქმით, რუსეთს „მასშტაბური შედეგები“ მოელის, თუკი „აგრესიის გზას“ აირჩევს უკრაინის მიმართ. ამასთან, მან მოსკოვს მოუწოდა, ჩაერთოს დიპლომატიაში და დაასრულოს უკრაინის საზღვრებთან ჯარების თავმოყრით წარმოშობილი კრიზისი.
27 იანვარს რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში ბლინკენმა ასევე თქვა, რომ შეერთებულმა შტატებმა ჯერაც არ იცის, საბოლოოდ რას გეგმავს კრემლი უკრაინასთან მიმართებით და ევროპის უსაფრთხოების არსებული სტრუქტურების ხელახლა გადაწერის თაობაზე მოთხოვნებთან დაკავშირებით.
„კვლავაც ვიმეორებ, რომ ერთადერთი ადამიანი, ვისაც შეუძლია გითხრათ, რას გეგმავს საბოლოოდ კრემლი, პრეზიდენტი პუტინია. არ ვფიქრობ, რომ ეს კიდევ ვინმემ იცოდეს. ეს შეიძლება თვითონაც კი არ იცის. ვინაიდან ის, რაც მას წარსულში გაუკეთებია და, ჩემი აზრით, რითაც არის შთაგონებული საკითხებისადმი მისი მიდგომა, არის რაც შეიძლება მეტი შესაძლებლობის შექმნა. და ისინი მთელ ამ სპექტრს იყენებენ“, - თქვა ბლინკენმა ინტერვიუში.
ინტერვიუმდე ერთი დღით ადრე, 26 იანვარს, ბლინკენმა თავის გამოსვლაში განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა ოფიციალურად გადასცა რუსეთს წერილობითი პასუხი მოსკოვის ულტიმატუმზე ე.წ. უსაფრთხოების გარანტიების შესახებ. მოსკოვმა დეკემბერში მოსთხოვა ვაშინგტონსა და ნატოს იმის გარანტიები, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი არ გაფართოვდება აღმოსავლეთით და თავის რიგებში არასოდეს მიიღებს უკრაინასა და საქართველოს.
რუსეთის ამ მოთხოვნის ფონზე მან უკრაინის საზღვრებთან 100 ათასზე მეტ ჯარისკაცსა და დიდძალ სამხედრო ტექნიკას მოუყარა თავი. დასავლეთი შიშობს, რომ რუსეთი უკრაინაში ინტერვენციისთვის ემზადება. მოსკოვი აცხადებს, რომ არ აპირებს ამას.