ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის(NDI) დაკვეთით საქართველოში, 2021 წლის დეკემბერში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, მოსახლეობის უმრავლესობა მთავრობის საქმიანობით უკმაყოფილოა.
შეკითხვას, „როგორ შეაფასებდით არსებული მთავრობის საქმიანობას“, 52%-მა უპასუხა, რომ „ცუდად". 2020 წლის დეკემბერში ეს მაჩვენებელი 38% იყო. 2021 წლის დეკემბერში, მთავრობის საქმიანობა „კარგად“ შეაფასა გამოკითხულთა 39%-მა. ერთი წლით ადრე ასე ფიქრობდა 50%.
NDI-ს კვლევითვე, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის საქმიანობას „კარგად“ აფასებს 27%, ამდენივე -„საშუალოდ“ და „ცუდად“ - 35%. დანარჩენებმა არ იციან ან პასუხზე უარი თქვეს. 2020 წლის დეკემბერში, როცა მთავრობის თავმჯდომარე გიორგი გახარია იყო, პრემიერ-მინისტრის საქმიანობას დადებითად აფასებდა გამოკითხულთა 46%.
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს მთავრობას ხელმძღვანელობდა 2013 წლის ნოემბრიდან 2015 წლის ბოლომდეც. NDI-ს მიერ 2015 წლის აპრილში ჩატარებული კვლევით, პრემიერ-მინისტრის საქმიანობას დადებითად აფასებდა 16% და უარყოფითად 21%.
პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის საქმიანობას „ცუდად“ აფასებს გამოკითხულთა 46%, „კარგად“- 14% და „საშუალოდ“ - 29%. 2020 წლის დეკემბერთან შედარებით, პრეზიდენტის საქმიანობის „ცუდად“ შემფასებელთა რაოდენობა 10%-ითაა გაზრდილი.
ინსტიტუტებს შორის კვლევა მოიცავს მხოლოდ პარლამენტს და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას(ცესკო). პარლამენტის საქმიანობას „ცუდად“ აფასებს 46% და „კარგად“ – 12%. ცესკოს საქმიანობის დადებითი შეფასება 22%-ია, უარყოფითი კი - 35%. NDI-ს თანახმად, ცესკოს საქმიანობის ნეგატიური შეფასება ბოლო ექვს წელიწადში გასამმაგდა.
NDI-ის კვლევისთვის კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა(CRRC) 2021 წლის 7-13 დეკემბერს, საქართველოს მასშტაბით, შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით ჩაატარა 2 099 სატელეფონო ინტერვიუ. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.4%-ია.