Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

42% არ აპირებს კოვიდსაწინააღმდეგო აცრას - NDI


აშშ-ის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დაკვეთით საქართველოში 2021 წლის დეკემბერში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, მოსახლეობის უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ ვაქცინაციის შესახებ საკმარისი ინფორმაცია აქვს.

ასე ფიქრობს 64%. 2021 წლის ივლისში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ვაქცინაციის შესახებ საკმარისი ინფორმაცია 10%-ით ნაკლებს - 54%-ს ჰქონდა. საკმარისი ინფორმაცია არ აქვს 33%.

კვლავ მაღალია ვაქცინაციის მიმართ უნდობლობა. 42% ამბობს, რომ არ აიცრებოდა, (2021 წლის ივლისში ასე 25% ფიქრობდა) 25% ვაქცინაციაზე თანახმაა, 29 % კი უკვე აიცრა.

ამასთან, ვაქცინირებული მოსახლეობის მესამედი არ აპირებს ბუსტერ დოზის გაკეთებას. იმ 54%-დან, ვინც უკვე აიცრა ან აპირებს რომ აიცრას, 63% აპირებს ბუსტერ დოზის გაკეთებას, 14% არ აპირებს, 20%-მა არ იცის და მხოლოდ 3% აიცრა უკვე ბუსტერ დოზით.

მოსახლეობის 59% ბავშვების (12 წლიდან) აცრის წინააღმდეგია.

კვლავ ძლიერია შიში ვაქცინის ხარისხის მიმართ. 46%-დან, ვინც არ თქვა, რომ აიცრებოდა, 38%-მა მიზეზად ვაქცინის ხარისხი დაასახელა და თქვა, რომ არ ენდობა ვაქცინის ხარისხს, 20% ამბობს, რომ ვერ აიცრება ჯანმრთელობის პრობლემის გამო. 15 %-ს მიაჩნია, რომ პანდემიას ვაქცინაციის გარეშეც გაუმკლავდება. მხოლოდ 6%-მა თქვა, რომ ზოგადად ვაქცინაციის წინააღმდეგია.

NDI-ს დაკვეთით, კვლევა კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა (CRRC-საქართველომ) 2021 წლის 7-13 დეკემბრის პერიოდში ჩაატარა, საქართველოს მასშტაბით 2 099 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის, გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა.

გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.4 პროცენტია.

27 იანვრის მონაცემებით საქართველოში სულ ჩატარებულია 2 686 220 აცრა.

მინიმუმ 1 დოზით ვაქცინირებულია 1 327 689 ადამიანი, >18 ასაკის მოსახლეობის 46.2%.

სრულად ვაქცინირებულია 1 215 005 ადამიანი , >18 ასაკის მოსახლეობის 42.3%.

ბუსტერ დოზით აცრილია 141 319.

12-15 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 3 837 (2.16%), სრულად აცრილია - 2 686 (1.51%).

16-17 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 12 390 (15.28%), სრულად აცრილია - 10 804 (13,32%).

26 იანვარს ჩატარდა 8 630 აცრა.

საქართველოში ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტს დაიწყო და წლის ბოლომდე იგეგმებოდა მოზრდილი მოსახლეობის სულ მცირე 60%-ის აცრა. 11 იანვარს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ აუცილებელია ივლისამდე აიცრას მოსახლეობის 70%, რათა ქვეყანამ მიაღწიოს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინდიკატორს.

XS
SM
MD
LG