Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

განმარტება: ტესტით დადასტურების გარეშე მოქალაქეს კოვიდ-გადატანილის სტატუსი არ ექნება


იმისათვის, რომ მოქალაქეს კოვიდ-გადატანილის სტატუსი ჰქონდეს, აუცილებელია, რომ მისი ინფიცირება ჩატარებული PCR ან "სწრაფი ტესტით" იყოს დადასტურებული. ეს საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სიმპტომურ მოქალაქეებთან დაკავშირებით ისაუბრა.

"სამინისტრომ დაუშვა, არსებობს ნორმატიული აქტი, თუ არ არის ადამიანი გატესტილი, მაგრამ მას ჰქონდა სიმპტომები, დაუკავშირდა 112-ს, ჰქონდა ოჯახის ექიმთან კონტაქტი და მას მეთვალყურეობდა, ისინი აისახებიან [ინფიცირებულად]", - თქვა ამირან გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა გამყრელიძის ამ კომენტარის შემდეგ განმარტა, რაზე საუბრობდა ორგანიზაციის ხელმძღვანელი. უწყების თანახმად, საუბარი იყო იმ პირებზე, რომელთა ინფიცირების შესახებ ინფორმაცია არ იყო ასახული მათ ბაზაში.

ჯანდაცვის მინისტრის 2022 წლის 11 იანვრის ბრძანებით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ბაზაში ინფიცირების შესახებ მონაცემები აისახება, თუ მსგავს ინფორმაციას ფლობს:

  • ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო;
  • საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი - 112.

გარდა ამისა, მსგავსი სტატუსის მიღება შეუძლიათ უცხოეთში საქართველოს დიპლომატიური კორპუსისა და საკონსულოს თანამშრომლებსა და მათი ოჯახების წევრებს, თუ კორონავირუსის გადატანას დაადასტურებენ შესაბამისი ქვეყნის გაცემული ცნობით და ექნებათ საელჩოს ოფიციალური მიმართვა.

საქართველოში ახალ პიკს მიაღწია კორონავირუსით ინფიცირების დღიურმა მაჩვენებელმა. გასულ 24 საათში ჩატარებული 74 200 ტესტირებიდან დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 15 762 შემთხვევა. ეს ორწლიანი პანდემიის განმავლობაში, საქართველოსთვის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, ტესტირებით აღრიცხულია 1 075 154 შემთხვევა. მათგან 972 745 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 14 774 ადამიანი.

XS
SM
MD
LG